მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. მისივე თქმით, მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს.
ამასთან, ეპისკოპოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას მშვიდობიანი თანაცხოვრების ყოველგვარი პირობა აქვთ.
„დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ-მონაზვნობის სულიერი აკვანი და ჩვენი იერუსალიმი. მე, როგორც მარნეულის ეპისკოპოსმა, მინდა ვთქვა რომ, ვხედავ, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენთან მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე, რათა ისინი საზოგადოების სრულუფასოვანი წევრები იყვნენ. მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მათ აქვთ ყოველგვარი პირობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ხალხთან. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. ერთი იცოდეს ყველამ, შინაურმაც და გარეულმა, არავის დაუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას, უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მიუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად!
იმედია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობებში არ გააჩენს ბზარს”, – წერს ეპისკოპოსი.