თეატრი, კინო, სერიალი – ვისთვის განტვირთვის რეალური საშუალება, ვისთვის კი მუდმივი სურვილი, რომ მის ცხოვრებას ეს საშუალება ყოველდღიურად ახლდეს თან. ქართველი მაყურებლისთვის უკვე კარგად ცნობილი მსახიობი, შაკო მირიანაშვილი, საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ თეატრისა და სერიალების მეშვეობით გახდა. ამ საინტერესო ფიგურამ ქართველებს თავი საკუთარი ინდივიდური მანერებითა და თამაშის საკუთარი, გამორჩეული სტილით დაამახსოვრა.
მირიანაშვილი ამჟამად მუსკომედიის თეატრისა და თავისუფალი თეატრის მსახიობია. არც ისე დიდი ხნის წინ, მან დაასრულა მუშაობა სპექტაკლზე „სამანიშვილის დედინაცვალი“.
საინტერესოა, როგორ და როდის დაიწყო მისი სამსახიობო კარიერის პირველი ეტაპები. როგორც შაკო თავად ამბობს, სკოლის პერიოდში „რაღაც“ სტუდიაში მიიყვანეს. სწორედ ამ პერიოდიდან გადაწყდა, რომ ის მსახიობი იქნებოდა. როგორც ბევრ ბავშვს, მასაც ახასიათებდა ამბებისა და სასაცილო ამბების მოყოლის განსაკუთრებული უნარები, თუმცა „ყველა ბავშვი“ მთელი საქართველოსთვის ცნობილი მსახიობი არ არის.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, შაკო მირიანაშვილს მონაწილეობა არაერთ ქართულ სერიალშიც აქვს მიღებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს – „ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება არ მაქვს“. მსახიობი მონაწილეობდა შემდეგ სერიალებში: „ტიფლისი“, „ხელოვნური სუნთქვა“. ასევე, შეხება ჰქონდა რამდენიმე პროექტთან GDS-ზე. „თურმე, ძალიან ადრე, „შუა ქალაქშიც“ მქონია მონაწილეობა მიღებული. საბოლოოდ, განსაკუთრებული არაფერია“.
ოდესმე თუ გქონია სურვილი, მსახიობობის გარდა სხვა რომელიმე პროფესიის წარმომადგენელი ყოფილიყავი?
ადრეულ პერიოდშივე გადაწყდა, რომ მსახიობი ვიქნებოდი. ისე არასდროს ყოფილა, რომ საკუთრი თავი ერთ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაში წარმომედგინა.
სცენაზე დგომისას, რა არის შენთვის მოტივატორი?
ორ საათში გადიხარ ძალიან ბევრ აქტს. შენს თავს, ემოციურად, ბევრი რაღაც ხდება. შეიძლება, ერთი წელიწადის მანძილზე ვერ გაიარო ამხედა, სხვადასხვა ემოციური გზა.
გარდა ამისა, ხალხის ემოცია „ასწორებს“ მაგრად. ძალიან ზუსტად გრძნობ, ვინ როგორი „ტიპია“. ეს, დაახლოებით, მეგობრებთან ერთად ყოფნას ჰგავს. როცა ყველაფერი კარგადაა. სცენაზე დგომისას ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ენერგიის გაცემა და მიღება. ეს არის შედეგი. გასცემ და იღებს ტკივილსაც და სიხარულსაც. ცოტა ეგოისტური მომენტია, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვისი ემოციების მართვა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე