4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს. რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ იუწყებიან, საქართველოს ავიაბაზარზე AIR MALTA-ს შემოსვლასთან დაკავშირებით 16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმროში HOLIDAY INN პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავიაკომპანიის წარმომადგენლები და საქართველოში AIR MALTA-ს კომერციული წარმომადგენელი „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ ვიცე-თავმჯდომარე ზურაბ შარაშენიძე.
ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი.
„პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.