სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის! – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოფელ აღაიანში მომხდარ ტრაგედიას, სადაც შსს-ს ინფორმაციით, 16 წლის დედამ, 7 თვის ჩვილი გაგუდა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნაადრევმა ქორწინებამ. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სკოლებს, შესაბამის უწყებებსა და საზოგადოებას, აქვთ შესაძლებლობა, რეალურად აღიქვას პრობლემის არსი.
“ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და რთულია ამაზე საუბარი. ნაადრევი ქორწინება წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. მართალია, ასეთი ტრაგიკული დასასრული ჯერ არ გვქონია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს ყველას, დამატებითი ყურადღება მივაქციოთ ნაადრევი ქორწინების თემას. ვფიქრობ, ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სკოლებს, შესაბამის უწყებებს, საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური აღქმა, თუ რატომ არის ეს პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის!”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.