ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ 1998 წ. „კასპის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელების გადასარჩენად, ქალბატონებმა ნინო ჟვანია-ქადაგიძემ და ჯეინ ენ ქორბოიმ დააარსეს. მთავარი მისია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. „პირველი ნაბიჯი“ ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია, რომელიც პრობლემებს შესაძლებლობად აქცევს, მცირე პროგრესს – დიდ გამარჯვებად. ორგანიზაცია მოიცავს სხვადასხვა პროგრამებს: ადრეული განვითარების პროგრამა 0-დან 7 წლამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, აუტიზმის პროგრამა 0-დან 18 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები და ახალგაზრდები, სპეციალიზებული დღის ცენტრი და ბინაზე მოვლა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ახალგაზრდები 6-დან 18 წლამდე.
მიმართულებები – „აბა“ თერაპია, „ფლორთაიმ“ თერაპია, სენსორული ინტეგრაცია, სასკოლო მზაობის პროგრამა, ჯგუფური თერაპია თამაშით, კვების თერაპია, სამედიცინო მომსახურება. ძირითადი ფასეულობები, რომლებითაც ხელმძღვანელობს ორგანიზაცია: ღირსება-ზრუნვა, ბავშვებისა და ოჯახის წევრების ღირსების ამაღლებისკენ, სიყვარული-საქმისა და ბავშვების, თანასწორუფლებიანობა-ყველა ადამიანს აქვს თანასწორი უფლება, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა და სიძლიერე-საზოგადოების, ორგანიზაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარის სიძლიერე, რის გარეშეც შეუძლებელია გამოწვევების მიღება და პრობლემების გადაჭრა.
2007 წ. – საქართველოს მთავრობამ მიიღო კასპის დახურვის გადაწყვეტილება. კოჯორში გამოყოფილ შენობაში პირველმა ნაბიჯმა დაიწყო რემონტი, პარალელურად კადრების აყვანა და გადამზადება. ამავე წელს ირლანდიის სახლემწიფოს მხარდაჭერით დაიწყო ბინაზე მოვლის პროგრამა ბავშვებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოდიან სახლიდან. „ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, სანამ თქვენ გამოჩნდებოდით ჩვენს ცხოვრებაში და მას მერე“ – ამბობს, ბინაზე მოვლის პროგრამაში ჩართული 12 წლის ირაკლის დედა. UNICEF – ის მოთხოვნით, პირველი ნაბიჯის ტრენერებმა სახელმწიფო ინსტიტუციების პერსონალს ტრენინგი ჩაუტარა. პირველმა ნაბიჯმა მიიღო ოფიციალური წერილი UNICEF საქართველოსგან, სადაც აღნიშნული იყო ორგანიზაციის ინოვაციური მიდგომა საქმისადმი. „თითქმის 10 წლის მანძილზე UNICEF და პირველი ნაბიჯი იყვნენ პარტნიორები და წარმატებით თანამშრომლობდნენ რათა დახმარებოდნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს. ორივე ორგანიზაციის მიზანი იყო შექმნილიყო სისტემა, სადაც ყველა ბავშვი საქართველოში მიიღებდა ხარისხიან მომსახურებას და მოხდებოდ მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან, რასაც წარმატებით ვაღწევთ“.
2017 წ. – გაიხსნა აუტიზმის ახალ ცენტრი, სადაც აუტისტური სპექტრის მკურნალობა ABA მეთოდის გარდა ახალი მეთოდით ფლორთაიმითაც (Floortime) გახდა შესაძლებელი. ცენტრის გარემონტება და აღჭურვა გერმანიის საელჩოს, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“-ს, ასევე კომპანიების – ვისოლ ჯგუფი, გალფი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, ლიბერთი ბანკი, დიო, დახმარებით გახდა შესაძლებელი.
„პირველი ნაბიჯი“ ეს არის ორგანიზაცია, სადაც სჯერათ, რომ პატარ-პატარა, მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ და ერთი შეხედვით, ვიღაცისთვის მცირე წინსვლა, შესაძლოა სხვისთვის დიდი გამარჯვების ტოლფასი იყოს.
ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი