დავით გარეჯში, უშუალოდ ლავრის ტერიტორიაზე, მსვლელობა-აქცია დასრულდა, რომელშიც მრევლი, სასულიერო პირები და „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა მონაწილეობდნენ.
მსვლელობის ლოზუნგი „დავით გარეჯი საქართველოა“ იყო.
ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან მობილიზებული და ადგილზე არსებულ ვითარებას ერთობლივად აკვირდებიან. ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არანაირ მსვლელობას და აქციას არ გეგმავს.
7 მაისს, დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელთან, ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა.
აღდგომის დღესასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს. მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.