საქართველოში დღეს ერთ -ერთი ყველაზე აქტუალური საკითხებია: საქართველო -რუსეთის ურთიერთობები და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ამ საკითხების მშვიდობიანი და ეფექტური გადაწყვეტა, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსთან“ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ.
ბატონო ირაკლი, რუსეთის მხრიდან ე.წ მავთულხლართების აღმართვა და საოკუპაციო ზოლის გადმოწევა უბრალო დამთხვევაა, თუ გამიზნულად არის გაკეთებული წინასაარჩევნო პერიოდში? არის თუ არა ეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან პროვოკაცია, რის მიღწევას ცდილობს რუსეთის მხარე?
არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია იმპერიალისტურ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოში და მისი მიზანია მთელი სამხრეთ კავკასიის დაბრუნება მისი მმართელობის ქვეშ. ამ პროვოკაციებზე წამოგებით რუსეთი ცდილობს გაათამაშოს „ეთნიკური კარტა’’ ან „რელიგიური კარტა’’ და შემოვიდეს როგორც კეთილშობილი იმპერიალისტი. მნიშვნელოვანია ამ ტიპის იმპერილიაზმისთვის ნიღბის ახდა.
რას ურჩევდით ხელისუფლებას ამ კონკრეტულ სიტუაციაში? პრობლემის გადაჭრის რა გზები არსებობს?
მიმაჩნია, რომ იმპერიალიზმთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება გახლავთ ანტი-იმპერიალიზმი და მდგრადი განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროვოკაციებში არ ავყვეთ რუსეთს და ძალადობის ახალ ციკლში არ ჩავებათ. ამავე დროს დავიწყოთ მშვიდობიანი და უკომპრომისო ბრძოლა სწორედაც, რომ იმპერიალიზმის წინააღმდეგ. აგრეთვე აუცილებელია რეგიონალური თანამშრომლობის პროექტებში ჩვენი უფრო ფართოდ მონაწილეობა. „მშვიდობის ზონების’’ შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩის, ჯონ მაკდონალდის ამასწინანდელ გამოსვლაში კარგად გამოჩნდა ის გზები, რომლითაც შესაძლებელია პრობლემების გადაჭრა. ეს არის მეტი რეგიონული თანამშრომლობა, მტკიცე ანტი–იმპერიალისტური, მშვიდობიანი ფრონტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მშვიდობის ზონები – დემილიტარიზებული თანამშრომლობის ტერიტორიები.
თქვენი აზრით, მოახდენს თუ არა არჩევნების შედეგი რუსეთის შემდგომ ქმედებებზე გავლენას?
რასაკვრველია, ეს ყველაფერი ქართველ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. თუკი მათ შორის იქნებიან რუსეთის გრუ-ს მომქმედი ოფიცრები, როგორიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, მაშინ რა თქმა უნდა მოახდენს. სააკაშვილის პერიოდში რუსეთი არაპირდაპირი გზით ყველაზე წარმატებულად ატარებდა თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საბჭოთა კგბ–ს და რუსეთის გრუ–ს ოფიცერია, საუკეთესო ფსონია რუსეთის იმპერიისათვის. ის ყოველთვის აყვება მათ პროვოკაციაში. რა თქმა უნდა სხვა პოლიტიკოსებიც უნდა ეცადნონ, რომ მშვიდობა და თავისუფლება შეინარჩუნონ.
რუსეთის მხრიდან ბოლო მოვლენამ შეიძლება თუ არა იქონიოს გავლენა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე, თუ ვის მისცენ ხმა არჩევნებში?
იმედია, რომ რუსეთის მხრიდან მოვლენები ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე არ იქონიებს გავლენას და ხმას ისევ რუსეთის გრუ–ს ოფიცერ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატს არ მისცემენ.
საინტერესოა თქვენი პოზიცია – სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ქართველმა სპორტმენებმა ამ ოლიმპიადაში?
მე ვფიქრობ, რომ ეს სპორტსმენებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ საკუთარ ფედერაციებთან და ოლიმიურ კომიტეტთან ერთად.
როგორ მიგაჩნიათ, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მთლიანობას, რუსეთის მიერ გათვალისწინებული იქნება თუ არა?
მიმაჩნია, რომ ჩვენ თუ თანმიმდევრულ მშვიდობიან პოლიტიკას გავატარებთ, მაშინ მეტი მხარდაჭერა იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ვიდრე დღეს არის. მეთიუ ბრაიზას ახლანდელმა ინტერვიუმ ნათლად აჩვენა, თუ რა შეცდომები (თუ დანაშაულები) იქნა დაშვებული 2008 წელს სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ. ჩვენ ეს შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ და პრინციპულად უფრო ტრანსფორმაციული გზით ვიაროთ.
17.10.13
მარინა ფიდუაქშვილი