როგორც წესი, საკუთარ პროფესიას ადამიანები თვითონ ირჩევენ, თვითონ ქმნიან საკუთარ გასავლელ გზებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის ირგვლივ შექმნილი იყოს ისეთი გარემო და მოცემულობები, რომლებიც ხელს შეუწყოს თითოეული ადამიანის წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას.
განსაკუთრებულად საინტერესოები ხელოვანი ადამიანები არიან. ისინი ფიქრობენ, ქმნიან და ავრცელებენ. რა დონეზეა დღეს ჩვენს ქვეყანაში განათლება ამ მხრივ? „თბილისი თაიმსს“ ახალგაზრდა ხელოვანი, ლიზი ბუდაღაშვილი ესაუბრა.
ძირითადად, რა პრობლემების წინაშე დგანან ახალგაზრდები, რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღება ხელოვნების კუთხით სურთ?
ჩვენს ქვეყანაში ყველა პრობლემა სოციალური გარემოსგან გამომდინარეობს მაინც, მე ასე მგონია. ყველაზე ადრეული წინაღობა ოჯახის მხარდაჭერაა ხოლმე, როდესაც ბავშვის ხელოვნებით დაინტერესებას მშობლები სერიოზულად არ ეკიდებიან. „ბავშვია, ერთობა და გადაუვლის“ – ეს და მსგავსი ფრაზები ხშირად მსმენია, სამწუხაროდ. შესაბამისად, ეს ბავშვის დამოკიდებულებასა და შეხედულებასაც აზიანებს უმეტეს შემთხვევაში და შეიძლება, მართლაც გული აუცრუვდეს საყვარელ საქმიანობაზე. სკოლაშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეს ბრწყინვალე აკადემიური მოსწრება აქვს და თანაც ხელოვნების რომელიმე სპეციალობით უნდა სწავლის გაგრძელება, ზოგი მასწავლებელი გადარწმუნებას ცდილობს, რადგან ჰგონია, ის ცოდნა და ის საგნები უსარგებლო გახდება და ენანება დასაკარგად. არადა, სწორედ ხელოვანს სჭირდება ყველაზე მრავლისმომცველი განათლება, რათა წარმოსახვისა და გამოსახვის უნარები განუვითარდეს.
გარშემომყოფებიც ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე ახალგაზრდებს, რომლებიც ხელოვნების გზაზე დგანან, თუმცა ერთხმად იწონებენ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, როგორიც არის, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი, ბიზნესმენეჯმენტი, სამედიცინო და ა.შ. ამ ზეწოლამ არათუ მოზარდი, მოზრდილიც შეიძლება დააეჭვოს საკუთარ არჩევანში და ხელი ააღებინოს. მე სამი სკოლა დავამთავრე – სამხატვრო, მუსიკალური და ზოგადსაგანმანათლებლო – და მაგალითად, მუსიკალურში ხშირად მსმენოდა „რჩევები“, იქნებ, დამენებებინა მხატვრობისთვის თავი, იქნებ სკოლისთვის მომეკლო ცოტა და ამის ხარჯზე მუსიკისთვის დამეთმო მეტი. ახლა კიდევ უკეთ ვიაზრებ, რამხელა შეცდომაა ასე წარმართვა მოზარდის გონებისა, რადგანაც ზიანდება მთავარი ღერძი ხელოვნების აღქმის, არათუ შექმნის; იმის გააზრება, რომ კონცეპტუალურად ხელოვნების ყველა დარგი ერთიანია და მათ შორის „შეჯიბრებას“ არაფერი ესაქმება.
მე თბილისის სამხატვრო აკადემიაშიც ჩავაბარე და კონსერვატორიაშიც, თუმცა არცერთგან მისწავლია. IB პროგრამაზე სასწავლად წავედი UWC კოლეჯში, თუმცა რაც ჩემი მეგობრებისა და ნაცნობებისგან მსმენია, სწავლის ხარისხით კმაყოფილი ძალიან ცოტაა, სამწუხაროდ. ენთუზიაზმია დასუსტებული სტუდენტებშიც და მასწავლებლებშიც, რაც ისევ და ისევ იმითაა გამოწვეული, რომ სახელმწიფო არ უთმობს ხელოვნებას (და, განსაკუთრებით, სახვით ხელოვნებას) სათანადო ყურადღებას და პერსპექტივას არ უქმნის ხელოვანს. აკადემიაში 50 წლის წინანდელი მოცემულობებით ისწავლება ჯერ კიდევ და პროგრამა ფეხს არ უწყობს ღირებულებების ცვლას, რაც, ცხადია, უკმაყოფილოს ტოვებს 21-ე საუკუნის თანამედროვედ და გახსნილად მოაზროვნე მომავალ ხელოვანს. არ ჩამოჰყავთ უცხოელი პროფესორები, რომ თანამედროვე მსოფლიო ხელოვნებაზე მისცენ რეალური განათლება. ეს ყველაფერი სტუდენტის შემოქმედებით ენერგიას, ინდივიდურ განვითარებასა და იდენტობის პოვნას აქცევს ჩარჩოებში და ძალიან აფერხებს. ამასთან, უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებელში სწავლა პროფესიულად დაბალი საფეხურიდან იწყება, რაც ბევრ გამოცდილ და ნიჭიერ სტუდენტს უცრუებს გულს. თუნდაც მისაღები გამოცდა რომ ავიღოთ სამხატვრო აკადემიისა, რომელიც დაფუძნებულია ერთ ფანქარში შესრულებულ გეომეტრიულ ნატურმორტზე, რომელიც ძალიან ცოტას ამბობს აბიტურიენტზე, ჩემი აზრით, რამდენადაც ეს არ არის რთული გამოწვევა და ბევრ ისეთსაც კი უმარტივდება, რომელმაც აკადემიაში ფეხის შედგმისთანავე იცის, რომ არ გააგრძელებს მომავალში ამ საქმიანობას და მხოლოდ ფასადით მოხიბვლისა და სხვა ზედაპირული მიზეზების გამო აბარებს.
წელს, როდესაც მე ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩავაბარე, გამოცდის, აპლიკაციისა და ვრცელი პორტფოლიოს გარდა ყველგან ითხოვდნენ არტისტის ვრცელ მოხსენებას, რომელშიც უნდა დაგეწერა შენი მოტივი, რატომ ხარ ხელოვნების ამ განხრით და, ზოგადად ხელოვნებით დაინტერესებული; რატომ ქმნი, რისი მიღწევა გსურს, რატომ გინდა ამ კონკრეტულ სასწავლებელში ჩაბარება და ა.შ. ამის შემდეგ იყო ხოლმე სკაიპინტერვიუები, სადაც ისევ შენს პიროვნებას აკვირდებოდნენ, პროფესიულად რომელ საფეხურზე იდექი ამასაც ხვდებოდნენ, გავლენებზე მეკითხებოდნენ დაწვრილებით, საყვარელ მხატვრებზე და ამით ხელოვნების ისტორიის ცოდნაც მოწმდებოდა. და მხოლოდ ამის შემდეგ წყდებოდა, იყავი თუ არა შესაბამისი ამ უმაღლესი სასწავლებლისთვის სწავლის გასაგრძელებლად. აქედან გამომდინარე წყდებოდა სასწავლო გრანტების მოპოვების შესაძლებლობებიც (ანუ დამსახურებულად ყველანაირად გვერდში დგომა). გადმოცემით ვიცი, რომ ადრე თბილისშიც სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი ტური ხუთი გამოცდისგან შედგებოდა და სიტუაციაც განსხვავდებოდა. საპირისპირო არგუმენტიც მსმენია, რომ გამოცდის გამარტივებით ყველას ეძლევა შანსი და რომ ეს უფრო სამართლიანია. როცა უმაღლეს სასწავლებელზეა საუბარი, აქ ადამიანი უკვე გარკვეული საძირკვლით უნდა მიდიოდეს და, უბრალოდ, დასანანია, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ამ დიდი ფუნდამენტით მიდიან, შემდეგ ე.წ. ნაკლებად დაინტერესებული „შანსმიცემულების“ გამო თავადაც კარგავენ ინტერესს, რამდენადაც ტემპი ვარდება.
როგორ აისახება ეს შედეგების ხარისხზე?
ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ, როგორც ზემოთ ვახსენე, ზოგს ბოლომდე არ მიჰყავს თავისი სახელოვნებო განათლება, ზოგი ამთავრებს და იწყებს სხვა პროფესიის ძებნას (და, ძალიან სამწუხაროდ, ნიჭი იფლანგება), ზოგი „მშრალ ხიდს“ ჯერდება, და ზოგიც საკუთარი ქვეყნის მიერ ხელოვნების სათანადოდ არდაფასების გამო არ იქნევს ხელს და მიდის საზღვარგარეთ, რათა რეალიზება გაუკეთოს საკუთარ შთაგონებას. ეს იმიტომ არა, რომ საქართველო გვიყვარს ნაკლებად. პირიქით, იქედან უფრო ადვილია ქართული ხელოვნებისა და, ზოგადად, მთელი საქართველოს პოპულარიზაცია, ვიდრე აქედან ხმის გაწვდენა. ჯერ მხოლოდ ორი წელი ვიცხოვრე საერთაშორისო კოლეჯში და ცხადად დავინახე ეს; ყველა ჩემი უცხოელი მეგობარი, ზოგი ისეთიც კი, ვისაც ჯორჯია მხოლოდ შტატი ეგონა, ახლა შეყვარებულია საქართველოზე. რა გადამაწყვეტინებდა ოთხი წლით ამერიკაში წასვლას, აქ რომ განათლებისა და პერსპექტივების იგივე დონე იყოს, რაც იქ არის. საზღვარგარეთ წასვლა ვახსენე ზემოთ, თუმცა ესეც სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ფინანსურ წინაღობასთან. ჩვენთან საზღვარგარეთ ბაკალავრიატის დაფინანსებას არანაირი ყურადღება არ ექცევა, განსაკუთრებით სახელოვნებო სპეციალობების შემთხვევაში. მხოლოდ ერთადერთი პროგრამაა განათლების საერთაშორისო ცენტრის უნგრეთში სწავლის გაგრძელებაზე. ესაა და ეს… საკუთარ თავზე გამოვცადე სამწუხაროდ, რომ ნიუ-ორკის უნივერსიტეტის, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის , როუდ აილენდის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის, სავანას ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის მიერ ჩემთვის გაცემული მაქსიმალური გრანტებისა (წლიურად 40000 – 45000 $), მაინც საკმაო თანხა მრჩებოდა გადასახადი, რომელიც ვერსად მოვიძიე ცდის მიუხედავად და ვერც ჩემს უცხოელ მეგობრებსა და მასწავლებლებს ვაჯერებდი კოლეჯში, რომ არა, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტრუქტურებს არ აინტერესებს გვერდით დგომა, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა მსგავსი უმაღლესი სასწავლებლებისგან არათუ დაფინანსება, მხოლოდ ჩარიცხვაც კი უმრავლესობისთვის ოცნების ახდენის ტოლფასია.
ახლა სადაც მივდივარ, ფლორიდაში, ერთ-ერთ საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელში სრული დაფინანსებით (250 000 $), თავად სასწავლებელი მიფინანსებს. გარდა ამისა სტიპენდიანტების სიაშიც აღმოვჩნდი, რაც ოთხი წლის მანძილზე გადმომეცემა. ყველანაირად გვერდში დგომას მპირდებიან. ასეთი დამოკიდებულება დასაწყისშივე მოტივაციას გიძლერებს, რამეთუ იაზრებ, რომ შენი ცოდნა და გაწეული შრომა საწყის ეტაპზეც კი სათანადოდ დაფასდა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო სრულიად უანგარო დამოკიდებულება ჩემთვის სრულიად უცნობი კანადური ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ინტერესდება საინტერესო ხელოვანებით, რათა თავისი ფინანსური თანადგომით წვლილი შეიტანოს არტისტის შემოქმედებითი ცხოვრების განვითარებაში. ასე მოხდა ჩემთან სულ ახლახანს – შემისწავლეს, დაინტერესდნენ და გვერდში დგომას შემპირდნენ. უფლის დიდი მადლობელი ვარ ამისათვის.
ამას გარდა, არ იწერება გამოფენების განხილვები, კრიტიკა. არტკრიტიკის სფერო ზოგადად ძალიან პასიურია. საკმარისი მნიშვნელობა არ ენიჭება გამოფენებს, სამწუხაროდ. გამოფენა-გაყიდვა უტოპიაა, რამდენადაც აქაურ დამთვალიერებელს არ აქვს სათანადო ფასად შეძენის სახსრები.
რა პერსპექტივები აქვს ხელოვნებას ჩვენს ქვეყანაში?
გააჩნია ხელოვნების დარგს. ზოგი მეტადაა დაფასებული და განვითარებული, ზოგიც ნაკლებად. მუსიკას მეტი პერსპექტივა აქვს, უფრო აქტიური და პოპულარიზებულია, ვიდრე სახვითი ხელოვნება, მაგალითად. დიზაინერებისთვის რეალიზება უფრო მარტივია მაგალითად, ვიდრე სახვითი ხელოვანებისთვის. ზოგ მუსიკოსს კაფე-ბარებში უწევს დაკვრა საკუთარი საქმიანობით თავის სარჩენად. რამდენადაც ეკონომიკურად არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, არც ხელოვნების სათანადო დაფასებას უნდა ველოდოთ ლოგიკურად, რადგან ყოველდღიურ საზრუნავზე ორიენტირებულ საზოგადოებას ხელოვნების პრიორიტეტად ქცევას ვერ მოსთხოვ. ეს განაპირობებს ხელოვანების პროდუქტიულობის შესუსტებას და საერთო ჯამში, ისევ საზოგადოება ზარალდება სულიერი საზრდოს დანაკლისით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით.
როგორ არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება?
ვიტყვი, რომ თავდაპირველად აუცილებელია ყველა ამ პრობლემების დანახვა და გასაჯაროება და არა მიჩქმალვა. მე თქვენთან შეთანხმებით სასაუბროდ ეს თემა გამიზნულად ავირჩიე, რადგან ვფიქრობ, ამ საკითხების განხილვა, ამ მხრივ ინფორმირება საზოგადოების, ორგანიზაციების, განათლების სისტემის, კულტურის სამინისტროსა თუ სხვა სახელმწიფოებრივი სტრუქტურების, უპირველესი ნაბიჯია პრობლემების მოგვარების გზაზე. საკუთარ ვალდებულებად მივიჩნევ ამ საკითხზე საუბარს და ცნობიერების ამაღლებას, როგორც ხელოვანი თუ როგორც მოქალაქე. დღეს ასეთი ცხელი პოლიტიკური დღეების ფონზე , მიმაჩნია რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს სრულფასოვნად, რათა უფლება გვქონდეს ასევე სრულფასოვნად შესრულება მოვთხოვოთ სხვებს თავიანთი საქმიანობის, მთავრობას , ერსა თუ ბერს. ნეპოტიზმს უნდა მოეღოს ბოლო და უდავოდ ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა ეძლეოდეთ ფინანსური მხარდაჭერა განათლების საზღვარგარეთ მისაღებად, ამა თუ იმ საერთაშორისო გამოფენას, არტ-რეზიდენციასა თუ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და ა.შ. არტ-მენეჯმენტის სფერო უნდა განვითარდეს, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოში ჩატარებულ art-fair-ებზე მონაწილეობის საფასური, რათა ყველას მიეცეს რეალიზების შანსი.
და ბოლოს, რა მოლოდინები აქვთ ახალგაზრდებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან საკუთარი მიზნების გასახორციელებლად?
საბოლოოდ, ალბათ, ყველა, ვინც საზღვარგარეთ მივდივართ სასწავლებლად, საკუთარ ქვეყანაში ცვლილებების გატარების პასუხისმგებლობას ვიღებთ და რეალურად გვაქვს დაბრუნებისას პროგრესის გამოწვევის იმედი. იქ შეძენილი უამრავი კავშირისა და კონტაქტის, გამოცდილებისა თუ ცოდნის გაზიარება ძალიან წინ წაწევს ქართულ სახელოვნებო განათლებასა და, ზოგადად, ქართულ ხელოვნებას. ამას ვიმედოვნებ. ყველა მოწოდებით ხელოვანს ხელოვნების სამსახურში მტკიცედ დგომასა და საკუთარი ხელოვნების რეალიზებას ვუსურვებ, ყველა ფსევდოხელოვანს კი საკუთარი თავის სხვაგან გულწრფელად აღმოჩენას.
ავტორი: მარიამ ტიელიძე