ულევია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც არ იციან, ვის და სად დაუტოვონ საკუთარი შინაური ცხოველი. ამ პროცესს ახლავს დარდი, ფიქრი, განცდა, წუხილი… თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს საჭიროება, დაფუძნებულიყო შინაური ცხოველების სასტუმრო – სივრცე, სადაც მათ ყველა პირობა აქვთ, თავი ლაღად და ბედნიერად იგრძნონ. რა პირობებს სთავაზობს სასტუმრო ჩვენს მეგობრებს? ამ და სხვა შეკითხვებზე „თბილისი თაიმსს“ კინოლოგი ზურაბ შენგელია პასუხობს.
ზოგადად, რას გულისხმობს შინაური ცხოველების სასტუმრო?
ძაღლი და კატა ადამიანის განსაკუთრებული მეგობარია. საქართველოში, ქალაქსა თუ სოფელში, თითქმის ყოველ მესამე თუ მეოთხე ოჯახს ჰყავს შინაური ცხოველი. თბილისში განსაკუთრებით პოპულარულია ძაღლი. ყველამ ვიცით, თუ რამდენად ერთგულები მეგობრულები არიან. ყოველდღიურად იმდენ სითბოსა და სიხარულს გვჩუქნიან, ისე გვილამაზებენ ცხოვრებას, არ შეიძლება, რომ არ გვიყვარდეს და მათზე არ ვიზრუნოთ. შეძლებისდაგვარად, ვუქმნით პირობებს სახლში თუ ეზოში, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. ყოველდღიურად ვკვებავთ, ვასეირნებთ, ვავარჯიშებთ, ვასწავლით და მათთან ურთიერთობით უფრო მეტად იზრდება მათ მიმართ ვალდებულება, რომ სულ ლაღები და ჯანმრთელები გვყავდეს.
როდის და როგორ გაჩნდა მისი დაარსების იდეა?
ერთხელ ქალაქიდან წასვლა მიწევდა და უცებ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდექი. მივხვდი, რომ ჩემს ძაღლს თან ვერ წავიყვანდი და დატოვებითაც ვერავის დავუტოვებდი, რადგან არ მეგულებოდა არავინ, ვინც ამხელა, “დათვივით” ძაღლს დაიტოვებდა და ჩემსავით იზრუნებდა მასზე. რათქმაუნდა, ვერ წავედი. ჩემი მეგობარი მარტოდ ვერ დავტოვე.
სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ გამეკეთებინა შინაური ცხოველების სასტუმრო. ჩემს სიტუაციაში ბევრი ადამიანი აღმოჩენილა და ბევრს ჰქონია იგივე პრობლემა. ყველას გვაქვს ის მომენტი, რომ, როცა ზაფხულში თუ ზამთარში გვინდა დასასვენებლად წასვლა, სამსახურებრივად თუ გარკვეული მიზეზების გამო, გვიწევს რამდენიმე დღით ჩვენი მეგობრის დატოვება.
გვინდა, წავიდეთ მაგრამ ვერ მივდივართ, რადგან არ ვიცით, ვის დავუტოვოთ და ვის ვანდოთ ჩვენი მეგობარი. ვინ გამოკვებავს ჩვენსავით სიყვარულით, ვინ გაასეირნებს, ვინ ავარჯიშებს და ათამაშებს, ვინ იზრუნებს მასზე და ვინ მოეფერება ჩვენსავით ბევრს ?! სწორედ ეს კითხვები ჩნდება, როცა ვფიქრობთ მის დატოვება-არდატოვებაზე.
ჩვენი სასტუმრო სწორედ ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით შეიქმნა. მაქსიმალურად ვცდილობთ, კომფორტული გარემო შევუქმნათ. ვათამაშებთ და ვეფერებით, ვასეირნებთ და ვზრუნავთ, ვკვებავთ და ვუვლით, გვიყვარს და ვუყვარვართ.
რა პირობები გაქვთ ცხოველებისთვის?
ჩვენი სასტუმრო, თითქმის, ოჯახურ პირობებთან გვაქვს გაიგივებული. გვაქვს დიდი ეზო, სადაც ყველა ცხოველს შეუძლია, კარგად გაერთოს სხვა ძაღლებთან ერთად, ბევრი ითამაშოს და ირბინოს, გაიქცეს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში და იყოს მხიარულად.ვცდილობთ, იმ რამდენიმე დღის განმავლობაში ბედნიერად და ლაღად ვაგრძნობინოთ თავი. რაც მთავარია, არ მივცეთ მოწყენის საშუალება. ეს არის სახლი, სადაც ყველა ბედნიერია.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს შინაური ცხოველი, რომ თქვენს სასტუმროში ყოფნის საშუალება ჰქონდეს?
აუცილებელია,ჩვენს სასტუმროში ყველა ძაღლი იყოს ჯანმრთელი და ვაქცინირებული.ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე. ვცდილობთ, იმაზე კარგად ვაგრძნობინოთ თავი, ვიდრე – საკუთარ პატრონთან. ყოველ შემთხვევაში, ბევრი შემთხვევა გვქონია, ძაღლი დაუტოვებიათ და წასაყვანად რომ მოსულან, რამდენიმე დღის შემდეგ პატრონს არ მიჰყვებოდა.მუდმივ კლიენტებზე ფასდაკლებებიდა საჩუქრები გვაქვს.
ჩვენი სასტუმრო, ტერიტორიულად, გლდანშია. გვაქვს „ფეისბუქგვერდი“.
ავტორი: მარიამ ტიელიძე