ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე დაძაბულმა მოვლენებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას. რუსული სანქციებისა და ტურისტული ნაკადის შემცირების ფონზე ბევრი კითხვის ნიშანი და კიდევ უფრო მეტი პროგნოზი გაკეთდა, თუმცა საქმე რომ ლაპარაკს სჯობია და მოლოდინების რეალობას ქცევას მისი უკეთესობისკენ შეცვლა -ეს ფაქტია. ისევ ქართული ძალებით, სურვილითა და ერთი უბრალო წამოწყებით ხუთმა ახალგაზრდა გოგონამ მასშტაბურ ტურისტულ კამპანიას ჩაუყარა საფუძველი.
#spendyoursummeringeorgia- #გაატარეზაფხულისაქართველოში- ეს ის ჰეშთეგია, რომელიც ბოლო პერიოდში სოციალური ქსელების დათვალიერების დროს ყველაზე ხშირად შეგხვდებათ . ფრაზა, რომელმაც ქართველი და უცხოელი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის და მისი კულტურის სიყვარულით გააერთიანა, მოულოდნელად იქცა მასშტაბურ პროექტად, რომლის შემქნელებიც მეგობრები, კურსელები და ფერადი გოგონები : – ნინი მჭედლიშვილი, მარიამ გუჯაბიძე, ნინი ნოღაშვილი, მარი ჯობავა და ქეთა გოლეთიანი არიან. მათ ერთმანეთი თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების საერთო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დროს გაიცნეს და დამეგობრნენ. 22 ივნისს ფეისბუქზე შექმნილმა ჯგუფმა მალევე მოიპოვა საერთო მოწონება და პატივისცემა, მოწოდება საქართველოში ზაფხულის გატარების შესახებ კი საერთო ეროვნულ იდეად იქცა.
ეს ახალგაზრდული წამოწყება, რომელმაც ბევრი ქვეყნის კიდევ უფრო მეტ ტურისტს საქართველოსა და მისი საოცარი ბუნების, კულტურის ნახვისა და გაცნობის სურვილი გაუძლიერა, არის მტკიცებულება და კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მონდომებას და სურვილს ყველა დაბრკოლების გადალახვა და აკრძალვებზე თავისუფლებით პასუხის გაცემა.
ამ მასშტაბური და საინტერესო სოციალური კამპანიის სამომავლო გეგმებისა და მისი დეტალების შესახებ „თბილისი თაიმსს „ესაუბრა #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ს ერთერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ნინი მჭედლიშვილი. ის 25 წლისაა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი, ხოლო ცოტა ხნის წინ გახდა თსუ-სა და შპაიერის გერმანული ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტების საერთო სამაგისტრო პროგრამას საჯარო მმართველობის მიმართულების მაგისტრი. წლების განმავლობაში დააგროვა,როგორც საერთაშორისო ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. სამომავლოდ უცხოეთში სწავლის გაგრძელებას გეგმავს.
„ყველაფერი 22 ივნისს, მარი ჯობავას სტატუსით დაიწყო. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მან თავის პირად ფეისბუქის გვერდზე მოუწოდა მეგობრებს, გაეტარებინათ ზაფხული საქართველოში და ამ ფორმით დაეჭირათ მხარი ქართული ტურიზმისთვის. ამის შემდეგ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენ ხუთმა გავაგრძელეთ და გადავწყვიტეთ ერთგვარი გამოწვევა მოგვეწყო ჩვენი უცხოელი მეგობრებისათვის, ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia. ფეისბუქ ჯგუფის შექმნიდან რამდენიმე საათში უკვე 10000 წევრი გვყავდა, ორ სრულ დღეში 100,000, ამ ეტაპზე კი 270,000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს ჩვენი ჯგუფი, რომელთა 40%-ზე მეტი უცხოელია.
კამპანიის დაწყების პირველი დღიდანვე გვქონდა ორი მთავარი მიზანი: მაქსიმალურად პოზიტიურად წარმოგვეჩინა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და შეგვექმნა ერთგვარი სარეკომენდაციო-საინფორმაციო ჰაბი უცხოელებისთვის. ამ ეტაპზე, გვსურს, ჩვენი ჯგუფის წევრობა იყოს იმაზე ბევრად მეტი მნიშვნელობის მქონე, ვიდრე უბრალოდ კამპანიის მხარდამჭერობაა. უშუალო შედეგებს რაც შეეხება, ერთი მხრივ, უცხოელებმა უკვე აქტიურად დაიწყეს პლატფორმის მიზნობრივად გამოყენება ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, მეორე მხრივ, კი საქართველოში არსებული მსხვილი კომპანიები შემოგვიერთდნენ, რამაც საინფორმაციო არეალი ბევრად უფრო გაზარდა.
უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რადგან მიგვაჩნია, რომ როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად შეგვწევს ძალა შევცვალოთ. ჩვენი კამპანია კი სწორედ პოზიტიური ცვლილებებისკენაა მიმართული. Spend Your Summer in Georgia პლატფორმაა, რომელიც საქართველოზე შეყვარებულ ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს და საშუალებას აძლევს პირადი პერსპექტივით დანახული ჩვენი სამშობლო წარმოაჩინონ. ფაქტობრივად, ამ სივრცეში, ყველას შეგვიძლია ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ელჩები და ავამაღლოთ ცნობიერება ჩვენი პატარა სამშობლოს შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კამპანიამ ქვეყნის განვითარების პროცესში საზოგადოების როლი წამოწია წინ, რაც გვახარებს და ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად ცნობადი გავხადოთ საქართველო.
მიგვაჩნია, რომ მაქსიმალური ყურადღება საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობას უნდა დაეთმოს, რადგან სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით შეუძლია სახელმწიფოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენა. ტურიზმის ეროვნული ადამინიტრაციის აქტიური მუშაობის შედეგად, როგორც ცნობილია, ქვეყანას 200-მდე ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვევა, რომელთა მიერ შექმნილი სტატიები საერთაშორისო არეალზე საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის როლს წინ წამოწევს.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული დღე, რადგან, მიუხედავად თითოეული ჩვენგანის განსხვავებული საქმიანობისა, ბოლომდე გავაანალიზეთ ეს პასუხისმგებლობა და, გვსურს, მაქსიმალურად ხარისხზე ორიენტირებით მივაწოდოთ ინფორმაცია და სერვისი ჩვენი ჯგუფის წევრებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებთან, რათა უნიკალური, განსხვავებული და ტურისტზე მორგებული კონტენტი მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს.
კამპანიის ფარგლებში, გადანაწილებული გვაქვს მედიასთან და კომპანიებთან ურთიერთობის საკითხები, ვიზუალური მასალების კოორდინაციისა და სოციალური პლატფორმების მართვის საკითხები, რაც კამპანიის ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არის საკითხები, რომელთა დაგეგმვაშიც უშუალო მონაწილეობას ვიღებთ ყველა, მათ შორის არის კონტენტის შერჩევა და პრიორიტეტიზაცია. გვაქვს რეგულარული შეხვედრები და ყოველდღიური კომუნიკაცია, რაც საქმის გადანაწილებასა და მართვაში ძალიან გვეხმარება.”
ავტორი: ანა ურუშაძე