თბილისში „IT ინოვაციების კვირეული“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გაეროს საერთაშორისო
სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გენერალური მდივნის მოადგილემ, ჰოულინ ჟაომ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართეს.
ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგა მსოფლიო ბანკის კონსულტანტი, ვენჩერული კაპიტალისტი, ისრაელის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსი მეცნიერი შუკი გლეიტმენი.
„IT ინოვაციების კვირეულის“ მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები გახდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული დარგი, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა ეკონომიკური მიმართულებების გაჯანსაღებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
17-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ IT ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. ოთხდღიანი დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ჰაკათონი – დეველოპერული შეჯიბრი ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმნაში. ასევე, გაიმართება შეჯიბრი მობილურ თამაშებსა და კონკურსი 3 D მოდელირებაში. გამარჯვებულებს კომპანია ,,Samsung Electronics“ დააჯილდოვებს.
IT ინოვაციების კვირეულის ფარგლებში გაიმართება Google-ის დეველოპერული ფესტივალი GDG DevFest. „Google“–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით, ყოველწლიური გლობალური დეველოპერული ფესტივალი წელს უკვე მეორედ გაიმართება.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის „Google“-ის დეველოპერების ჯგუფი პარტნიორობით ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან.
პროექტის მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი. პროექტს სპონსორობას უწევს „Google“, „USAID კავკასია“, „Samsung Electronics“. ,,IT ინოვაციების კვირეულის“ მედია მხარდამჭერია „პალიტრა მედია“.
18.10.13