საქართველოს დედაქალაქი არცთუ ისე დიდია. თბილისი ქვეყნის საკმაოდ მცირე ნაწილს მოიცავს, თუმცა მას აქვს საკუთარი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ამ ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც ქართველებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. ცხადია, ამ თარიღების არსებობისთვის მეცნიერები, არქეოლოგები თუ ისტორიკოსები მძიმე, მრავალწლიან სამუშაოებს დღემდე აწარმოებენ. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ისტორია, მსგავს ფაქტებზე დაყრდნობით, ძვ.წ-ით IV ათასწლეულიდან იწყება, ანუ ამ პერიოდიდან თბილისის ტერიტორია უკვე დასახლებული ყოფილა.
ბუნებრივია, ეს თარიღი ქართველებისა და თბილისელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. სწორედ ამ თარიღის კვალდაკვალ, დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის არსებობს წლები და რიცხვები, რომლებმაც მათ მეხსიერებაში საკმაოდ დიდი კვალი დატოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსმა“ გამოკითხვა სწორედ თბილისელებში ჩაატარა. რამდენიმე რესპონდენტმა კითხვას – რომელი თარიღი მიგაჩნიათ განსაკუთრებულად საქართველოს დედაქალაქისთვის, აბსოლუტურად განსხვავებული პასუხები გასცა. გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს.
*
უპირველესად, წამის მეასედებში, ასეთ თარიღად აუცილებლად მახსენდება 1918 წლის 8 თებერვალი – თარიღი, რომელიც სრულიად საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც კავკასიის ნომერ პირველი უნივერსიტეტის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების თარიღი.
**
ჯერ იმას ვიტყვი, რომ თბილისში განსაკუთრებულად საინტერესო და საყვარელი ჩემთვის ძველი თბილისია. მახსოვს 2007 წელი. ამ წლიდან მოყოლებული, სწორედ ძველი თბილისია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატი. აი, სწორედ ამ თარიღს მივიჩნევ, როგორც ერთ-ერთ განსაკუთრებულსა და საამაყო თბილისისთვის.
***
ამ მხრივ, ჩემი ცნობიერება ცოტა უფრო ადრეულ პერიოდს, მეოცე საუკუნის მესამე ათწლეულის დასაწყისს, 1921 წელს ეხება. ეს თარიღი, უპირველესად, სრულიად საქართველოსთვის არის დასამახსოვრებელი, სამწუხაროდ და კიდევ უფრო მეტად კი ჩვენი დედაქალაქისთვის – თბილისისთვის, რადგან აქ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია შემოვიდა.
****
სხვათა შორის, ამ კითხვაზე რამდენჯერმე მიფიქრია, მაგრამ ერთი კონკრეტული თარიღის შერჩევა, ალბათ, საკმარისზე მეტად რთულია. გამოვყოფდი 1939 წლის 31 მარტს. ეს ის წელია, როცა თბილისში საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დაიბადა.
*****
ამ კითხვაზე ცოტა ეგოისტური პასუხი მექნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნი და დასამახსოვრებელია თარიღი – 2016 წელი, როდესაც თბილისს ჩემთვის განსაკუთრებულად გამორჩეული, საყვარელი და საინტერესო მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი ეწვია. ის ამ წელს ქართველ თაყვანისმცემელს შეხვდა. ის დღე და ის შეგრძნებები არასდროს დამავიწყდება.
******
სამწუხაროდ, ასეთი თარიღი ჩემთვის ამავე წლის 20 ივნისია – დღე, როდესაც თბილისს ყველანაირი სახე ჰქონდა დაკარგული. „გავრილოვის ღამე“ – არანორმალურად სამწუხაროა, რომ თბილისის ისტორიას 2019 წლის 20 ივნისის დღე ამ სახელით შემორჩა.
*******
სრულიად საქართველოსთვის და, არანაკლებ, მისი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი თარიღია ყოველი წლის 14 აპრილი – დღე, როცა ქართველები „დედაენის დღეს“ აღნიშნავენ. ძალიან საამაყოა.
********
გამომდინარე იქედან, რომ მე ხელოვანი ვარ, ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხიც შესაბამისი იქნება 1958 წელს, თვე და რიცხვი დამტკიცებული არ არის, ქართველმა მოქანდაკემ, ელგუჯა ამაშუკელმა შექმნა ქანდაკება, რომელიც, გარდა იმისა, რომ უცხოელი დამსვენებლებისთვის არის განსაკუთრებულად საინტერესო, ქართველებშიც დღემდე იწვევს აღტაცებას. დღემდე ყველასთვის „ქართლის დედა“ თანაბრად არის მომაჯადოებელი და მისტიკურიც კი.
*********
1991 წლის 22 დეკემბერი – თარიღი, როდესაც საქართველოს დედაქალაქში ომი დაიწყო – სამოქალაქო ომი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი სახელმწიფოს ისტორიისთვის დამღუპველი, სამარცხვინო, გულსატკენი და ყოველთვის დიდი რაოდენობის მსხვერპლის მომტანია. ამ ორკვირიანმა ომმა ქართველს საშუალება მისცა, ქართველი მოეკლა. თბილისისთვის ეს თარიღი მტკივნეულია.
ავტორი: მარიამ ტიელიძე