ევროპული სკოლის” მშენებლობა – ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა გრძელდება და ღრმავდება ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს “ევროპული სკოლის” მშენებლობის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
პრემიერის თქმით, საშუალო განათლების სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან მნიშვნელოვანია.
„ბოლოს და ბოლოს, ეს ის ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც ამ სკოლის დასრულების შემდგომ ევროპულ სტანდარტს სრულად დააკმაყოფილებენ, როგორც განათლების, ისე ფასეულობებით. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა გრძელდება, ღრმავდება და ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს წინ ვდგამთ. გარდა ამისა, დღეს, დაიწყო სასწავლო წელი. მინდა მივულოცო სასწავლო წლის დაწყება თითოეულ სკოლის მოსწავლეს. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა მივულოცო პირველკლასელებს. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო, რომ სკოლის დასრულების შემდეგ უკვე ევროპული ფასეულობებით ემსახურონ ჩვენი ქვეყნის ევროპულ, დიდ ოჯახში ერთად შრომას და განვითარებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს პროექტის წამოწყებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს სკოლა, მისი ხასიათი ადასტურებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, იმ სიღრმეს, რა დონეზეც ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება. ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომელმაც უნდა გააძლიეროს ეს ქვეყანა და საბოლოოდ გახადოს ევროკავშირის ორგანული ნაწილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს.
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩადეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. სკოლისთვის მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.