სკოლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს პრაქტიკული ნაწილიც დაემატება. როგორც “თბილისი თაიმსი” გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განუცხადა, გამოცდა მხოლოდ თეორიულ ცოდნაში საკმარისი არ არის და აუცილებელია, მოხდეს მასწავლებლებზე დაკვირვება, თუ როგორ ახერხებს ეფექტურად მუშაობას მოსწავლეებთან.
“ვმუშაობთ ამ თემაზე. ამ თემაზე საუბარი გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ის, რომ ახლანდელი პროცესი არასრულყოფილია, არაერთხელ გვითქვამს ჩვენც. კატეგორიული მომხრეები ვიყავით თავიდანვე, რომ შეფასება უნდა იყოს მრავალმხრივი და არ შეიძლება, სერთიფიკატი გაიცეს მხოლოდ ერთი ან ორი გამოცდის შედეგად. მრავალი კომპონენტი უნდა შემუშავებულიყო თავიდანვე, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა. თეორიულ ნაწილს უნდა დაემატოს უმნიშვნელოვანესი, პრაქტიკული ნაწილი. პრაქტიკული ნაწილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. კარგია თეორიული ცოდნა, მაგრამ მეორეა, თუ რამდენად ახერხებს ეფექტურად მუშაობას მოსწავლეებთან მასწავლებელი. ასევე დარჩება თეორიული ნაწილიც, რომელიც აუცილებელია, თუმცა – არასაკმარისი”, – განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეოს მუშაობა სქემის ჩამოსაყალიბებლად, თუ როგორც მოხდება მასწავლებლების დაკვირვება სწავლების პროცესში.
“როგორ მოხდება დაკვირვება მასწავლებლების, ამაში გამოვიყენებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც. ამ სქემის მოსაფიქრებლად მუშაობა მიმდინარეობს”, – აღნიშნა მიმინოშვილმა.
რაც შეეხება ახალი კომპონენტის დამატების ვადებს, როგორც მიმინოშვილი აღნიშნავს, ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება.
“ამ პროექტის განსახორციელებლად მოვიპოვეთ მსოფლიო ბანკის გრანტი. პროექტის განხორციელება გრანტით ორ წელზეა გაწერილი, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უფრო მოკლე ვადებში მოხდეს ეს”, – აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებით, როგორ მოხდება ახალი კომპონენტის განსაზღვრა უკვე სერტიფიცირებულ მასწავლებლებზე.
21.10.13