დღევანდელ ქართულ რეალობაშიბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ტაქსები და მათთან დაკავშირებული რეგულაციებია. შესაბამისი რეგულაციები ეხება ტაქსის მძღოლებს და გავლენას ახდენს მოსახლეობაზე.გარკვეული შეზღუდვების პარალელურად, შემცირდა ქუჩაში ტაქსის გაჩერების შესაძლებლობა. უფრო ვრცლად, აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე ესაუბრა.
„ტაქსის ყველა მძღოლმა უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია. გარდა ამისა, ტაქსები უნდა იყოს თეთრი ფერის იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლს სურს, მას ჰქონდეს გაჩერების უფლება. სხვა შემთხვევაში, ის ავტომობილს ქუჩაში ვერ გაააჩერებს. მას არც ტაქსების სპეციალური ნიშნების გამოყენების უფლება ექნება. მოკლედ რომ ვთქვათ, თავიდან ბოლომდე იქნება შეზღუდული და კლიენტს ვერ აიყვანს, თუკი ონლაინ არ იქნება დარეგისტრირებული. ამ მხრივ, ყველაზე პრობლემური საკითხი არის ის, რომ რეგისტრაციის პროცესი, თითქოსდა, მარტივია – ხდება ონლაინ, მაგრამ არც ისე მარტივია, რადგან მძღოლებს ელექტრონულად უწევთ ხელის მოწერა. ტექნიკურად ეს საკმაოდ რთული პროცესია, რაც, რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში, ასაკოვან ხალხს უჭირს. ტაქსის მძღოლების უმეტესი ნაწილი კი სწორედაც რომ ასაკოვნები არიან. ისინი თავს ამ საქმიანობით ირჩენენ“.
რეგულაციების კვალდაკვალ, რა არის ყველაზე პრობლემური საკითხი?
უნდა ითქვას, რომ გადასახადი ძვირი არ არის, წლიური თანხა 100 ლარს შეადგენს. თუმცა, ყველაზე რთული საკითხი გახლავთ ავტომობილის „გადათეთრება“. ავტომობილის გადაღებვა თეთრ ფერად ურთულესია იმიტომ, რომ, უპირველესად, ძალიან დიდ დროს მოითხოვს. რიგები დიდია. ძალიან ცოტაა ისეთი ობიექტი, სადაც გადაღებვა ხდება და, ამასთან, მოთხოვნაც ძალიან დიდია – გარდა ამისა, დიდია მოთხოვანა გადასტიკერებაზეც. საქართველოში შემოსული ავტომობილების უმეტესი მასა დაზიანებილია, შემოდის ამერიკიდან და თავიდან ბოლომდე დამუშავება და შეღებვა მათაც სჭირდება. თითქმის ყველა ავტომობილი იღებება ჩვენს რეალობაში.
რა რეკომენდაციები გაქვთ არსებულ საკითხებთან მიმართებით?
ჩემი აზრით, ტაქსებზე რეგულაციები უნდა არსებობდეს, თუმცა ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა მიმდინარეობდეს. პირველი უნდა ყოფილიყო უმარტივესი ფორმის – რეგისტრაცია. უნდა არსებულიყო სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისთვის. ჩვენ ეს რიცხვი, რეალურად, არ ვიცით. ძალიან დიდია იმ ტაქსების რაოდენობა, რომელსაც რეგისტრაცია არ გაუვლია. რეგისტრაციის გავლის პროცესი აუცილებლად უნდა ყოფილიყო უმარტივესი. ამის შემდეგ იქნებოდა იმის საშუალება, რომ ყოფილიყო გარკვეული სტატისტიკა – რამდენი ავტომობილია, რა ფირმისა და ფერისაა ისინი და ა.შ. შემდეგ კი უნდა ჩამოვყალიბებულიყავით გარკვეულ პირობებზე. ამ ეტაპზე, დარეგისტრირებული ტაქსების მხოლოდ 20%-ია თეთრი ფერის. არცთუ ისე იოლია დანარჩენი 80%-ის „გადათეთრება“.
ყველასთვის უნდა მიეცათ საშუალება, იმ ავტომობილით გაეგრძელებინა საკუთარი საქმიანობა, რომლითაც იქამდე დადიოდა. როდესაც რეგისტრაციის დრო ამოიწურებოდა (თუ ვერ გაივლიდნენ მას), კეთილი უნდა ენებათ და რეგისტრაცია გაევლოთ იმ ავტომობილით, რომელიც ჰყავთ. შესაბამისად, „გადათეთრების“ პროცესი მოხდებოდა ნელ-ნელა, ეტაპობრივად.
დღევანდელ ბაზარზე საქართველოში იაფზე უფრო მეტად არის მოთხოვნა, ვიდრე – კარგ ავტომობილზე. ის, რა თქმა უნდა, ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. ახლა ხელოვნური ჩარევით ხდება გარკვეული ავტომობილების გამორიცხვა. ადრე ძალიან მარტივი იყო ქუჩაში ტაქსის გაჩერება, ახლა ეს პროცესი გართულდა. უნდა ითქვას, რომ ტაქსები აშკარად გაძვირდა. ამასთან, გამოდის ისე, რომ ერთი რომ გაძვირდა, მეორემ საერთოდ დაკარგა თანხის გამომუშავების შესაძლებლობა. თუ, მაგალითად 500 კარი ნაწილდებოდა 20 ადამიანხე, ახლა გადანაწილდება 10-ზე. შემოსავალი იქნება უფრო მეტი, თუმცა – ნაკლებ მოქალაქეზე. საკმაოდ ბევრი ადამიანი რჩება ლუკმა პურის გარეშე.
რეგიონებში თუ იგეგმება ამ ტიპის რეგულაციები?
თბილისში საცდელი რეჟიმია. წესით, რეგულაციები სხვა ქალაქებსაც უნდა შეეხოს. გეგმაში ასეა. მე ვფიქრობ, რომ ჯობს, თბილისის გამოცდილება გამოიყენონ, რათა სხვა ქალაქებში ხარვეზები იქნას გამოსწორებული, რადგან რეგიონებში ნამდვილად უფრო რთულია, ამ მხრივ, მდგომარეობა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე