თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, თადუმაძემ აღნიშნა, რომ ” როცა დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, მის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დააყენებს პროკურატურა”.
“გამოძიების მიმდინარეობისას იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის”, – განაცხადა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი.