ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო წირვის შემდეგ იქადაგა. მისი თქმით, უზენაესი მოსამართლე ღმერთია და სასულიერო პირები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის მოსამართლეები.
„ძალიან დიდი სირთულეების წინაშე იმყოფება კაცობრიობა, თვით მართლმადიდებელი ეკლესიები. ჩვენს საზოგადოებასთან განსაკუთრებული სიყვარულით უნდა მივიდეთ და მივუტანოთ ის მემკვიდრეობა, რაც მაცხოვარმა გვიქადაგა და დაგვიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილება სავსეა ტკივილით და განსაცდელით, სასოწარკვეთილებას არასოდეს არ ჰქონია ადგილი, რადგან იესო ქრისტე არის ღმერთი სიყვარულის, ღმერთი იმედისა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სტუმარი, ღმერთმა დალოცოს ამ ტაძარში შეკრებილნი! ღმერთმა დალოცოს საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა მონასტრებიდან მობრანებული ჩვენი დედები და სრულიად საქართველო! უზენაესი მოსამართლე ღმერთია და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ადამიანები, მით უმეტეს სასულიერონი, უნდა ვიყოთ დედები და მამები და არა ერთმანეთის მოსამართლენი! მე იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ და გადავლახავთ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში წარმოიქმნება და ადგილს არ მივცემთ სასოწარკვეთილებასა და იმედგაცრუებას“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
დღეს კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა. ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მეუფე გრიგოლმა აღავლინა, რომელსაც პერგამონის მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი) , სასულიერო პირები და მრევლი დაესწრო.