„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. გოცირიძის შეფასებით, მაჟორიტარი დეპუტატების პროტესტი დადგმულია.
„რაც ახლა ხდება, შეიძლება, ვუწოდით უჩინართა ბუნტი. ეს ადამიანები გინახავთ? ვინმეს გჯერათ, რომ პაიკები მეფეს უპირისპირდებიან? ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, დღეს ივანიშვილს უპირისპირდებიან? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე დეპუტატი დაჩი ბერაია და ბიძინა ივანიშვილი შვიდი საათის განმავლობაში კამათობდნენ და დაჩი ბერაია ბიძინა ივანიშვილს არ დაეთანხმა? ადამიანს, რომელმაც მთელი ქვეყანა დაიპყრო, დაწყებული ფინანსებით, პარლამენტით დამთავრებული. საკუთარი პატრიარქის დასმა უნდა, საეკლესიო გადატრიალებას ატარებდა კაცი და თურმე წარუმატებლად დამთავრდა ფეხბურთელ ყაველაშვილთან მისი კონსულტაციები. ეს სისულელეა. ყველაფერი დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ივანიშვილი საზოგადოების ზონდირებას აკეთებს და მათ განწყობებს სწავლობს. ასევე, დიპლომატიური კორპუსის რეაგირებასაც აკვირდება. ბიძინა ივანიშვილს აქვს არჩევანი ორი მოსალოდნელი სცენარიდან. პირველი, წავიდეს პოლიტიკურ ოპოზიციაში ან წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ყოველთვის, ხალხს დღესაც ატყუებს. ეს ბიძინა ივანიშვილის ბოლო ტყუილი იქნება. ამ მოტყუების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძე, მმართველ გუნდს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.
„ნურავინ წარმოიდგენს, რომ პროექტის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტი იქნება ის, რაც გუშინ იყო. გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ. ვერც ერთი დეპუტატი ცხვირს ვერ შემოყოფს ამ დარბაზში. ამას გინდათ მუქარა უწოდეთ, გინდათ – გაფრთხილება. გაფრთხილების ფორმით ვამბობ. დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს. დღეს ქართველი ხალხი არის ერთსულოვანი, სატელიტი პარტიებიც აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არიან“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.