სტუდენტობა არის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც გაქვს ბევრი ენერგია, ძალიან ცნობისმოყვარე ხარ და გაინტერესებს სხვადასხვა ქვეყანა, რამდენის ოცნებაა პარიზი, რომი, მადრიდი, ბარსელონა, ლონდონი და ა.შ. რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი, როდესაც არსებობს არაერთი საშუალება ამ ოცნებების ასასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა დიდ ხარჯებთან ასოცირდება. The Tbilisi Times გაესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ათინა სიხარულიძეს, რომელიც არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი და რამდენიმე რჩევასაც სთავაზობს ჩვენს მკითხველს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვიმოგზაუროთ თავისუფლად და ეკონომიურად.
მოგვიყევით თქვენ შესახებ.
მოგესალმებით. მე ვარ ათინა სიხარულიძე, 22 წლის. წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მივიღე ნეოგრეცისტის (ახალი ბერძნული ენის სპეციალისტის) ბაკალავრის ხარისხი. ამჟამად მთარგმნელობითი საქმით ვარ დაკავებული. ვფლობ რუსულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებს, ასევე სასაუბრო დონეზე ვიცი ესპანური და პორტუგალიური ენები. ყველაზე მეტად სწორედ ენების სწავლა მიყვარს, რადგან სიამოვნებას მანიჭებს, და ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი უცხო ენის, ინგლისურის ცოდნა, ამიტომ ყოველი ახალი შესწავლილი ენა ჩვენ კარს გვიხნის ახალ სამყაროში.
რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი?
ვარ ნამყოფი საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
რითია თითოეული მოგზაურობა დასამახსოვრებელი?
ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, როგორც მოგზაურობას უფრო იტალიასა და ესპანეთს განვიხილავდი, რადგან საბერძნეთსა და პორტუგალიაში სასწავლებლად ვიყავი. თუმცა სწავლასთან ერთად სწორედ ამ ქვეყნებში შევიძინე მოგზაურობის გამოცდილება როგორც მარტომ, ასევე ჯგუფთან ერთად. საბერძნეთი, ალბათ, არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე ისეთ გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ამ ქვეყანაში არავის არასდროს მობეზრდება მოგზაურობა. ეს ქვეყანა გამორჩეულია თავისი ღირშესანიშნაობებით, ნაციონალური საჭმელებით, კლიმატით, და ეგეოსის ზღვის ულამაზესი სანაპიროებით. იტალია, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავს საბერძნეთს თავისი სანაპიროებით და ანტიკურობის ძეგლებით. ესპანეთში, განსაკუთრებით მადრიდსა და ბარსელონაში იგრძნობა ფლამენკოს სული. ეს ქვეყანა ასევე გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა (ბარსელონა) და მუზეუმებით. ჩემი ოცნება იყო, რომ მადრიდში მოვხვედრილიყავი, ელ პრადოს მუზეუმი მენახა და ესპანური სული შემეგრძნო. პორტუგალიას რაც შეეხება, ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყანამ გამაკვირვა. ყოველთვის მეგონა, რომ ამ ქვეყანაში სანახავი დიდი არაფერია მანამ, სანამ თვითონ არ ჩავედი და არ დავრწმუნდი, რომ ოკეანეს ნახვა და ლისაბონის დიდი აკვარიუმის მონახულება ნამდვილად ღირდა ასე შორს მოგზაურობად.
განსაკუთრებით, რომელ ქვეყანასა თუ ქალაქს გამოარჩევდით?
განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლისაბონს. შარშან, სექტემბერში უნივერსიტეტში დავიწყე პორტუგალიური ენის შესწავლა. პირველივე დღესვე ჩვენმა პორტუგალიელმა ლექტორმა ლისაბონის უნივერსიტეტის ერთ თვიან სასწავლო პროგრამაზე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯგუფიდან მხოლოდ ერთ სტუდენტს უშვებენ ამ პროგრამით. მე რატომღაც სკეპტიკურად შევხედე ამ ყველაფერს, არ მჯეროდა, რომ ის ერთი სტუდენტი შესაძლებელი იყო, რომ მე ვყოფილიყავი. რამდენიმე თვეში გავაგზავნე საბუთები უნივერსიტეტში და გრანტიც მოვიპოვე. ეს იყო, ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტი, რადგან აქამდე მხოლოდ ერთ ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი, საბერძნეთში, თან საკმაოდ ხშირად მიწევდა იქ ჩასვლა სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. ყოველთვის მინდოდა სხვა გარემოში ავღმოჩენილიყავი, შესაბამისად, ლისაბონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ხალხმა, რომელიც ძალიან სტუმართმოყვარეა და არ არსებობს რამეში რომ არ დაგეხმაროს.
როგორ გეგმავთ თქვენს მოგზაურობას?
მოგზაურობა წელს პირველად დავგეგმე. ეს უკვე აღარ იყო არც საქმიანი ვიზიტი და არც სასწავლო პროგრამა.
პირველ რიგში ვეძებ შედარებით იაფ ავიაბილეთებს, (სასურველია, რომ ეს იყოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები), შემდეგ სასტუმროს, გესთ ჰაუსს ან ოთახს ვეძებ მისაღებ ფასად, ბოლოს კი ქვეყანაში სამოგზაურო გეგმას ვაწყობ, თუ რა უნდა ვნახო, სად დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები და ა.შ
რა რჩევები გაქვთ იმათთვის, ვინც მოგზაურობას გეგმავს?
სტუდენტებს მინდა ვურჩიო, რომ გამოიყენონ სტუდენტური წლები და სრული დაფინანსებით მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საზაფხულო თუ გაცვლით პროგრამებში.
მოგზაურებს, ზოგადად ვურჩევდი თავი შეიკავონ ტურისტული სააგენტოების მომსახურებით და თავად დაგეგმონ მოგზაურობა. ეს გაცილებით უფრო იაფი და მომგებიანი გამოვა. უპირველეს ყოვლისა ბილეთები ეძებონ მისაღებ ფასად. საქართველოს მოქალაქეებს უკვე გვაქვს იმის საშუალება რომ ისეთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით ვისარგებლოთ როგორიცაა: WizzAir და Ryanair. მე პირადად ბევრჯერ ვიმგზავრე ამ ავიაკომპანიებით და საკმაოდ იაფადაც გამოვედი. ჩემს მაგალითებს მოგიყვანთ: თბილისი-მილანი – 26 ევრო (Ryanair), მილანი-მადრიდი – 10 ევრო (Ryanair), მადრიდი-მილანი – 10 ევრო ( Ryanair ) და ბოლოს მილანი-ქუთაისი 22 ევრო (WizzAir), ჯამში გამოდის 68 ევრო, რაც ნამდვილად არ არის ძვირი. აღსანიშნავია, რომ ამ ავიაკომპანიებით მთელი ევროპა სარგებლობს. მეორე არის საცხოვრებელი ადგილი. არ არის აუცილებელი იყოს სასტუმრო, შეიძლება იყოს ბინა ან ოთახი. უმჯობესია, რომ ღირშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობდეს ესა თუ ის საცხოვრებელი ადგილი. მესამე, ყველაზე მთავარი, მუზეუმების ბილეთების წინასწარ შეძენა, რადგან ხშირ შემთხვევაში სალაროებთან უშველებელი რიგია.
ავტორი: სოფო გიორგაძე