ევროპის უდიდეს ვოკალურ კონკურსში – „Riga Symphony” ქართველმა გოგონამ – 14 წლის მარიტა ცეცხლაძემ გაიმარჯვა. კონკურსი მეცხრე წელია ტარდება, მისი დამფუძნებელი ელენა ლორენა შვილპეა, რომელიც პარალელურად ევროპაში ორგანიზებული 80 სხვადასხვა ვოკალური კონკურსის ორგანიზატორია.
-მარიტა, საიდან გაიგე კონკურსის შესახებ და რა ნომინაციები გქონდა?
-კონკურსზე მაკედონიის საერთაშორისო კონკურსიდან მოვხვდი, სადაც გრანპრი მოვიპოვე. მიმიწვიეს პირველი და მეორე ტურის გავლის გარეშე, ფინალურ ეტაპზე. კონკურსზე სამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის ფოლკი შევასრულე: დავით მალაზონიას „ბაღდადური ეთნო ჯაზი“, Dianne Reeves – ის ინტერპრეტაციით “ტანგო” და Aziza Mustafa Zadeh – ის ინტერპრეტაციით “Nature Boy”. სამივე ჯაზის სტილით. ავიღე მსოფლიო ჰიტისა და ფოლკის ნომინაციაში ოქროს მედალი, წარმადგინეს ბრილიანტის ხმისა და გრან-პრის ნომინაციაზე. მსოფლიო ჰიტის კატეგორიაში 7-დან 25 წლამდე გავიმარჯვე და მივიღე გრან-პრი.
-როგორც ცნობილია, ამ კონკურსში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას, თითოეულ ქვეყანას კი შესაბამისი ჟიური აფასებს.
-დიახ, კონკურსში წელს 22 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს წარმომადგენელი ჟიური გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდა, ასე რომ, მომიწია მთელი ძალისხმევა ჩამედო, რომ ღირსეულად წარმედგინა ქვეყანა.
-მარიტა, რა გზები გაგიხსნა ამ კონკურსმა და რა სამომავლო გეგმები გაქვს?
-მივიღე მოწვევები შვეიცარიიდან, იტალიიდან, ამერიკიდან და ვენეციიდან. ეს კონკურსი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის, ვინაიდან ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპაში. მასში მონაწილეობა პრესტიჟულია, საუკეთესო გზა იყო ჩემი შესაძლებლობების გამოცდისთვის. ტრანსლაცია მიმდინარეობდა ევროპულ ტელეარხებსა და სოციალურ სივრცეში. ვიყავი იმ კონკურსანტებს შორის, რომელიც ლატვიის რადიოში მიიწვიეს.
მინდა აღვნიშნო, რომ ლატვიაში საქართველოს საელჩო გამოირჩეოდა გვერდით დგომით კონკურსის თითოეულ ეტაპზე. საელჩოები კონკურსის ორგანიზატორების მოწვევით ერთვებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ 5 გრან-პრი მაქვს, ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა იყო.
ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი