ჩვენი მთავარი ამოცანაა სტატუს-კვოს დაბრუნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში გაიმართება დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის სხდომის მორიგი რაუნდი.
პატარაძის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე კომისიის თარიღთან დაკავშირებით იმსჯელეს.
„თქვენ იცით, ახლახანს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ეტაპობრივად აღდგეს სტატუს-კვო. პირველ რიგში სასულიერო პირებს აქვთ საშუალება თავისუფლად გადაადგილდნენ სამონასტრო კომპლექსის ყველა ტერიტორიაზე. დაგეგმილია, მომდევნო წლის დასაწყისში ჩატარდეს მორიგი კომისია დელიმიტაცია- დემარკაციის თავალსაზრისით.
ვფიქრობ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ამ პრობლემის დროულად გადაჭრას. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ეს საკითხიც გადაწყდება ისე, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შეეფერება“, – განაცხადა პატარაძემ.
მისივე თქმით, სტატუს-კვოს აღდგენა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც კომისიის მეორე სხდომაზე უნდა იმსჯელონ.
„მთავარი ჩვენი ამოცანაა სტატუს -კვოს დაბრუნება და შესაბამისად, ამ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა ელჩმა.