შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, რის გამოც, სატრანსპორტო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით გამავალი გვირაბი დაიკეტება. შესაბამისად, თაბუკაშვილის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ისარგებლებს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული პანდუსით და მოხვდება რუსთაველის გამზირზე.
18:00 საათიდან კი, აღნიშნული გვირაბი ორივე მიმართულებიდან დაიკეტება, რის გამოც, ელბაქიძის დაღმართიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვერ განხორციელდება.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.
„ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები სამართალდამცველებისგან დამატებით ინსტრუქციას ადგილზე მიიღებენ“, – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.