დავით კოჩუაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია. მისი შემოქმედება ხასიათდება ხატვის განხავებული სტილით. ნამუშევრები, რომლებსაც დავითი ქმნის როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს დახატულია ტელეფონში. პროფესიით ბიზნეს ადმინისტრირების სფეცილისტია, თუმცა ხელოვნებას მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ის ასევე ტატუ არტისტიცაა. თბილისი თაიმსი გაგაცნობთ დავით კოჩუაშვილს და გაიგებთ, თუ როგორ იქმნება ტელეფონში ნახატები.
დავით, როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ცნობილი ნახატების თქვენეული დიზაინი და იყო თუ არა თქვენთვის ეს გამოწვევა?
იდეა საკმაოდ დიდი ხანია რაც გამაჩნდა, თუმცა კონკრეტულად რა ფორმით და სახით უნდა წარმომედგინა, ამასთან დაკავშირებით ვფიქრობდი. იდეა დამებადა იქიდან, რომ მუდმივად მღრღნიდა კითხვა, შეიძლებოდა თუ არა , ესა თუ ის ნახატი ისეთივე პოპულარული, წარმატების მომტანი , იდუმალი ყოფილიყო, თუ კი მას შევუცვლიდით ძირითად მახასიათებლებს, იქნებოდა ეს პერსონაჟები, სიუჟეტი თუ სხვა.
როგორ მიიღეს საქართველოში თქვენი შემოქმედება, რომელიც განსხვავებული სტილით ხასიათდება.
მოლოდინი იმისა, რომ ყველა თავისებურად აღიქვამდა (რაც ბუნებრივია მისასალმებელია, და ხელოვანისათვის აუცილებელიც კი არის), გამართლდა. უმეტესობას კითხვა გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თქმა მსურდა ამ ნახატებით და რა იყო ეს რეალურად – პროტესტი, შარჟი , იუმორი თუ რაიმე სხვა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მნახველი თავადვე ხვდებოდა უმეტეს შემთხვევაში, თუ რა იყო ამ შემთვევაში ჩემი მიზანი, სათქმელი, რომელიც თითოეულ მნახველს მინდოდა გაეგო.
საკმაოდ უცნაურად ჟღერს ,,ტელეფონში შექნილი ნახატები’’, გვესაუბრეთ და მკითხველს გააცანით მათი შექმნის პროცესი.
ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, მუდმივად ვცდილობ განვითარდე. შესაბამისად მცდელობები იმისა, რომ რაღაც სიახლე მეპოვა და ამ სიახლეში მეცადა ჩემი შემოქმედების გადატანა, მრავლად აღმოჩნდა. ერთ-ერთი სწორედ მობილური ტელეფონია. არ მიფიქრია თუ ამხელა გასაქანი შეიძლება ჰქონოდა მობილურ ტელეფონს, როგორც სახატავი ტილო, თუმცა როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმაზე პრაქტიკული და მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. თავიდან უბრალოდ სკოლიდან, სასწავლებლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დროის გაყვანის ძალიან კარგი საშუალება იყო. თუმცა როდესაც ვნახე პროგრესი, და ვნახე, რომ შეიძლებოდა არა მხოლოდ დროის გაყვანა , არამედ მეტად ღირებულის შექმნა, რატომაც არა. მეტად სერიოზულად მივუდექი, შევისწავლე სხვადასხვა ხერხი მობილურ ტელეფონში ხატვისათვის და პრაქტიკასთან ერთად განვითარდი (თუმცა წინ, განვითარებისაკენ ,რა თქმა უნდა, კიდევ დიდი გზაა).
ნახატების შექმნა თავიდანვე ტელეფონში გქონდათ გადაწყვეტილი თუ ჯერ ფურცელზე ასრულებდით თქვენეული დიზაინით?
პირველ ეტაპზე ფურცელზე ვხატავდი, და შემდეგ ვცდილობდი იგივე გადამეტანა ტელეფონში, თუმცა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ეს არც თუ ისე კარგი ხერხი იყო იმ შედეგის მისაღწევად, რაც მე მსურდა. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ ნამუშევრები, რომლებიც იქნებოდა შექმნილი მობილურ ტელეფონში, უნდა ყოფილიყო თავიდან ბოლომდე ამ კონკრეტულ პლატფორმაზე აგებული.
თქვენ ამ ეპატზე მუშაობთ ახალ სერიაზე, რომელსაც ,,პარალელური სამყარო მხატვრობაში,, ჰქვია, როგორი სტილის ნახატებს ველოდოთ ამ სერიაში.
პირველ რიგში მინდა და ვცდილობ, რომ ნამუშევრები მაქსიმალურად ახლოს იყოს სტილისტურად ორიგინალთან, რადგან პარალელის გავლება იყოს შესაძლებელი ამა თუ იმ ნახატთან და ამავდროულად არ დაიკარგოს ის ნამუშევარი , სტილი, რაც ორიგინალ ნახატშია ჩადებული.
ძირითადად უცხოელი მხატვრების ნახატებია თქვენი შთაგონება, აპირებთ თუ არა იგივე სტილით ქართველი მხატვრების ნახატებიც შექმნათ?
რა თქმა უნდა ქართველი მხატვრების შემოქმედებასაც შევეხები, რამდენიმე ჩანახატი უკვე მაქვს კიდეც. შეიძლებოდა, რომ თავიდანვე ქართველებით დამეწყო ამ სერიის ჩაშვება, თუმცა რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქართველებზე მეტად, მნახველისათვის ვფიქრობ, რომ უცხოური და ,რა თქმა უნდა, მეტად პოპულარული ნამუშევრების სახეცვლილება ბევრად მარტივად აღსაქმელი იქნებოდა. თუმცა ახლა, როდესაც სათქმელი ითქვა და პრინციპი კი გასაგებია, თავისუფლად შეიძლება ქართველი მხატვრების შემოქმედების გამომზეურებაც.
ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში მოიხატა კოსტავას გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელშიც თქვენ იღებდით მონაწილებას. მოგვიყევით როგორ მოხვდით ამ კონკურსში და გაქვთ თუ არა ისევ კედლების მოხატვის სურვილი ?
კედლის მხატვრობას ბავშვობაში უფრო მივსდევდი, თუმცა ეს არ იყო რაღაც განსაკუთრებული ნამუშევრებით კედლების მოხატვა და ა.შ. იყო ძირითადად მარტივი „სტენსილები“ , გრაფიტი, წარწერები და ა.შ. თუმცა ცოტა ხნის წინ შევიტყე, რომ ქუჩის მხატვრობის მოძრაობა „ნიკო“ ორგანიზებას უწევდა პროექტს, სადაც კონკურსის შედეგად შეირჩეოდნენ მონაწილეები და მოხატავდნენ კონკრეტულ ლოკაციებს. გავგზავნე პორტფოლიო, საკონკურსო ნამუშევარი და შემარჩიეს რამდენიმე ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა მხატვართან ერთად. პროექტის შედეგად, მოიხატა კოსტავას გამზირზე (ტელევიზიასთნ) არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი.
ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ ასევე ხართ ტატუ არტისტი, რამდენი წლის იყავით, როდესაც ამ სფეროთი დაინტერესდით და ამჟამად აკეთებთ თუ არა ტატუებს?
ინტერესი საკმაოდ ღრმა ბავშვობიდან მაქვს, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, მუდმივად მინდოდა და ვცდილობდი რაიმე სიახლე მეპოვა ხატვის სხვადასხვა სფეროში და დარში. შესაბამისად ინტერესი მუდმივად გამაჩნდა, ხოლო რაც შეეხება უშუალო კავშირს დაიწყო 15 წლიდან, როდესაც პირველი ტატუ დავიხატე და მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც შემეძლო მეკეთებინა და ამით მიმეღო სიამოვნება. რატომაც არა, 2016 წელს შევიძინე აპარატურა და დავიწყე ტატუს ხატვა. პროცესი და ადაპტაციის პერიოდი იმაზე მარტივი აღმჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. პირველი ტატუც, როგორც მხატვარმა, ჩემს საკუთარ თავს გავუკეთე და მას მერე თამამად შემიძლია გავულამაზო სხეული ამა თუ იმ კონკრეტული ნამუიშევრით ადამიანებს. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ვეღარ ვახერხებ ისე აქტიურ მოღვაწეობას ამ სფეროში, როგორც ადრე. რაც თავის მხრივ გამოიწვია ამჟამინდელმა სამსახურმა, პროფესიამ, პარალელურად სასწავლებელმა და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, საკმარისი დრო არ მრჩება ტატუს დახატვისათვის.
და ბოლოს როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა თქვენი სამომავლო პროფესია მთლიანად დაკავშირებული ხელოვნებასთან?
პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ვარ, ამჟამად კი ადამიანური რესურსების მართვის განხრით ვსწავლობ სამაგისტრო პროგრამაზე. სამომავლო პროფესიას რაც შეეხება, ზუსტად ვიცი, რომ ხელოვნებას დიდი როლი ექნება ნებისმიერ საქმიანობაში, სადაც არ უნდა ვიყო. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ბიზნესის მიმართულებით მაქვს გეზი აღებული, მარკეტინგი, კრეატივის ნაწილში, სადაც ხელოვნება და კრეატიული აზროვნება ,ვფიქრობ, დიდ როლს შეასრულებს სამომავლო წინსვლასა და განვითარებაში.
ავტორი: თაკო ღლონტი