როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ცვლილებების ფონზე ჩატარდება. აბიტურიენტები სამის ნაცვლად ოთხ საგანს ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. ამ ოთხიდან ორი სავალდებულო საგანია ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა. მესამე გამოცდა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებაზე სურს აბიტურიენტს სწავლა. რის უფლება-მოვალეობა რჩება უმაღლეს სასწავლებლებს? რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს შესაბამის ცვლილებას? ამ და სხვა შესაბამის საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ესაუბრა.
რატომ გახდა საჭირო შესაბამისი ცვლილებები?
კარგია, რომ ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა შემცირდა იმიტომ, რომ ეს ხელს უშლიდა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც შედარებით უარესი სასტარტო პირობები აქვთ იმის გამო, რომ ნაკლებად უზრუნველყოფილ სკოლებსა და ოჯახებში იზრდებიან. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და დაიმსახურონ სახელმწიფო გრანტი, საქართველოში მათი უმრავლესობა ემზადება რეპეტიტორებთან და ყოველი გამოცდა ნიშნავს დამატებით ხარჯებს. რაც უფრო მაღალია ხარჯები, მით უფრო მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ ამ ხარჯების გაღება. ეს კი ამყარებს იმ უთანასწორო გარემოს, რომელიც განათლების სისტემაში ისედაც არსებობს.
საგნების შემცირება ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა, ჩემი აზრით, არასაკმარისი, რადგან ჩვენს პირობებში სამი გამოცდაც ბევრია. მაგალითად, საქართველოში არსებობს უმაღლესი სასწავლებლები, რომლებშიც სტუდენტების მისაღებად ადგილები არის, მაგრამ ამ ადგილების შესავსებად ტარდება ხელოვნური კონკურსი. რეალურად, ეს კონკურსი საჭირო არ არის. საერთოდ გაუგებარია, ეს რას ემსახურება.
კიდევ რა პრობლემებზეა საუბარი შესაძლებელი?
ამ გამოცდაზე კიდევ არის ის პრობლემა, რომ სკოლებს ხელი ეშლება განვითარებაში. რაც უფრო მეტი გამოცდაა ჩასაბარებელი, მით უფრო ენერგიასა და ძალისხმევას ანდომებენ აბიტურიენტები მათთვის მომზადებას და ნაკლებს – სკოლის საგნების სწავლას. სკოლის მასწავლებლები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი, რომ ამ პროცესს შეუწყონ ხელი, ვიდრე იმას, რომ თვითონ მისცენ სკოლის მოსწავლეებს უფასო განათლება. ძალიან რთულია მეთორმეტეკლასელების ჩართვა ნებისმიერ სხვა აქტივობასა და პროცესში, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაა.
უნივერსიტეტებს რა როლი აქვს საკუთარი სტუდენტების შერჩევაში?
ზოგადად, ეს გამოცდები არასწორად არის განაწილებული. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მაინც არასწორია, როდესაც ის ერთადერთი კრიტერიუმია სტუდენტების მისაღებად უმაღლეს სასწავლებელში. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტს აქვს გაცილებით მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ საკუთარ სტუდენტებს, რა ცოდნით მივიდნენ ისინი უნივერსიტეტში და ა.შ .
ეს გამოცდები ისეა ორგანიზებული, რომ არ ცნობს უნივერსიტეტის ავტონომიას საკუთარი სტუდენტების შერჩევის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, უნივერსიტეტის ავტონომიის პირობებში, უმაღლეს სასწავლებლებს აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები.
ავტორი: მარიამ ტიელიძე