ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია, შევხვდეთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ ან პირიქით – საკუთარ უნარებს სათანადოდ არ აფასებენ. ამ ადამიანების თვითშეფასებას რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს. ძირითადად, გარემო განსაზღვრავს, როგორ ვახარისხებთ ჩვენ საკუთარ პიროვნებას. რა იწვევს ადამიანში მაღალ თუ დაბალ თვითშეფასებას? საკითხის ირგვლივ „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ფსიქოლოგი თეო კოკოსკერია პასუხობს
რა განსაზღვრავს ადამიანში თვითშეფასებას?
თვითშეფასება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ წარვმართავთ საკუთარ ცხოვრებას. უფრო უკეთ რომ ჩავწვდეთ მის მნიშვნელობას, განვსაზღვროთ, თუ რას წარმოადგენს იგი. „მე“ კონცეფცია გულისხმობს ცოდნას საკუთარი თავის, გარეგნობის, ქცევის, გარშემომყოფებთან სოციალური ურთიერთობების, შინაგანი მოტივებისა და გუნება-განწყობილებების შესახებ. თვითშეფასება კი ამ ცოდნის სუბიექტური შეფასებაა, ჩვენ თავად როგორ ვაფასებთ იმ თვისებებს, რომლებსაც საკუთარ თავს მივაწერთ.
თვითშეფასების ფორმირება ბავშობიდანვე იწყება და, ერთი მხრივ, განსაზღვრავს სოციალიზაციის პროცესი, კულტურა, რელიგია, გარშემომყოფთა წრე და მათთან ურთიერთობა. კერძოდ, ოჯახის წევრები, მასწავლებლები, მეგობრები, თანამშრომლები და ა.შ. როგორ აღიქვამს და აფასებს ჩვენს პიროვნებას, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი თანდაყოლილი პიროვნული თვისებები. სწორედ ამ ფაქტორების ურთიერთქმედება ახდენს გავლენას დაბალი ან მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. თუმცა ამ შემთხვევაში აღსანიშნავია პიროვნების ინდივიდური ცხოვრებისეული გამოცდილებაც. თუ მას ბავშვობაში აძლევდნენ ინიციატივის, დამოუკიდებლობის გამოვლენის საშუალებას, აგრეთვე გარშემომყოფები ადეკვატურად აფასებდნენ მის შესაძლებლობებსა და მიღწევებს, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მაღალი თვითშეფასების ფორმირებას. ხოლო თუ ბავშვს არ აქვს ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა, არ სჯერათ მისი წარმატების, დიდია ალბათობა იმისა, რომ სამომავლოდ მანაც დაკარგოს რწმენა საკუთარი თავისადმი და საერთოდ უარი თქვას ცხოვრებისეული მიზნების დასახვაზე.
როგორ შეუძლია ადამიანს, აიმაღლოს თვითშეფასება?
საბედნიეროდ, შესაძლებელია გარკვეული ტექნიკების გამოყენებით თვითშეფასების ამაღლება და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება. პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანია საკუთარი თავი მივიღოთ, როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებთან ერთად. ყველა ადამიანია უნიკალურია, საკუთარი ნაკლოვანებებით და უპირატესობებით, ამიტომ მხოლოდ უარყოფით თვისებებზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. შევამციროთ თვითკრიტიკა. მობილიზება მოვახდინოთ ჩვენს დადებით მხარეზე და შევეცადოთ რეალური მიზნების დასახვასა და განხორციელებას. წარუმატებლობის შემთხვევაში, მხოლოდ უარყოფითი კუთხით ნუ შევხედავთ მას, ვეცადოთ, ობიექტურად გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია მარცხი, რა გვასწავლა ამ შემთხვევამ, რათა შემდგომში გავითვალისწინოთ და თავიდან ავიცილოთ წარუმატებელი შემთხვევები. ასევე, ნუ ჩავიკეტებით საკუთარ თავში, რამაც ბოლოს დეპრესიამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს. გავიხსენოთ, რომ გვერდზე გვყავს ადამიანები, რომლებიც მხარს გვიჭერენ, სჯერათ ჩვენი შესაძლებლობების და მზად არიან დახმარებისთვის. ასევე, უმჯობესი იქნება, რომ ნაკლებად შევადაროთ თავი სხვებს, რადგან ზოგჯერ ეს შედარებები იმდენად არასწორია, რომ ადამიანის თვითშეფასებაზე ძლიერი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
რატომ არის ცუდი დაბალი თვითშეფასება?
დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს, ძირითადად, უარყოფითი წარმოდგენა აქვთ როგორც საკუთარ თავზე, ასევე – თავიანთ შესაძლებლობებზე. ახასიათებთ პესიმისტური განწყობები, რის გამოც სკეპტიკურად უყურებენ მომავალს და ხშირ შემთხვევაში არც ცდილობენ მიზნების დასახვას, რადგან მათი აზრით, მაინც ვერაფერს მიაღწევენ ან ისეთ არარეალურ მიზნებს ირჩევენ, რომელთა განხორციელების ალბათობა ძალიან მცირეა. მსგავსი ტიპის გამოცდილება კი ამ ადამიანების თვითშეფასებას კიდევ უფრო აქვეითებს. კერძოდ, მწვავედ განიცდიან მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება, როგორც ფიზიკურ და ემოციურ მხარეზე, აგრეთვე – ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
როგორ შეუძლია ერთ ადამიანს, გავლენა მოახდინოს მეორე ადამიანის თვითშეფასებაზე?
ადამიანები სოციალური არსებები ვართ, შესაბამისად, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნება, არამედ ის სოციალური, კულტურული, რელიგიური ჯგუფები, რომლებთანაც მიკუთვნებულობის მაღალი განცდა გვაქვს. თუმცა კონკრეტულად, პიროვნულ გავლენებზე, რომ ვისაუბროთ, ადამიანის თვითშეფასების ფორმირებაზე მოქმედებს იმ ადამიანთა შეხედულება, რომელთა აზრიც მისთვის ღირებულია. მაგალითად, ბავშვისთვის თავიდან მშობლის, მასწავლებლის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისთვის სწორედ ისინი წარმოადგენენ ამ პერიოდში ავტორიტეტს, ამიტომაც დიდი სიფრთხილე მართებს თითოეულ მათგანს ბავშვთა პიროვნების ფორმირებისა და სწავლა-განათლების მიმართულებით, რადგან არასწორმა მიდგომებმა შეიძლება, ბავშვს იმდენად დაუქვეითოს თვითშეფასება, რომ ყოველგვარი ინტერესი დაკარგოს და გამოიწვიოს ემოციური და ქცევითი დარღვევები.
მოზარდობის პერიოდში, თანატოლების, მეგობრების აზრი ხდება პრიორიტეტული. ამ ეტაპზეც შეიძლება, მოზარდის თვითშეფასებას საფრთხე დაემუქროს, რადგან ისედაც სხვა სირთულეებთან ერთად, რაც დამახასიათებელია ამ პერიოდისთვის, ხშირია ბულინგის შემთხვევებიც. საერთო ჯამში, ცხოვრების ყველა ეტაპზე არიან ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს თვითშეფასებაზე. ამიტომ სასურველია, თუ კარგად გავაცნობიერებთ, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენი და სხვისი ცხოვრების განვითარებაზე – საჭიროებისამებრ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დავეხმარებით ერთმანეთს მოტივაციის ამაღლებასა და ადეკვატური თვითშეფასების ფორმირებაში.
ავტორი: მარიამ ტიელიძე