რა არის ხელოვნება? ყველასათვის ნაცნობია, რომ ხელოვნება ცალკეულ დარგებს მოიცავს, მხატვრულ ლიტერატურას, ქანდაკებას, გრაფიკას, ფოტოგრაფიას, ფერწერას, მუსიკას, თეატრს. თავისუფლად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ხელოვნება მოიცავს ჩვენს ყოვედღიურობას და გვხვდება თითქმის ყველა დარგში. ხელოვანი პიროვნებაა, რომელიც ბავშვობიდან დაჯილდოებულია უსაზღვრო ნიჭით, შეუძლია შექმნას რაიმე ინდივიდუალური, ისეთი, რაც მის შინაგან სამყაროს გამოხატავს.
სურეალიზმი მხატვრობის მიმდინარეობაა, რომელიც სიტყვა-სიტყვით „ზერეალობას“ ნიშნავს. სურეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხტვა, რომელიც არაცნობიერში მდებარეობს. Tbilisi Times-ის რესპოდენტი ნიჭიერი სურეალისტი, კახა ესებუაა, რომელიც დაწვრილებით გვიყვება იმის შესახებ თუ რას ნიშნავს მისთვის ეს მიმდინარეობა და ზოგადად ხელოვნება.
მოუყევით მკითხველს თქვენ შესახებ
მე, კახა ესებუა, დავიბადე 1964 წლის 13 მაისს ქ.თბილისში. დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ქ.ტვერი), შემდეგ ვსწავლობდი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში, შემდეგ სწავლა გავაგრძელე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (რეზო ესაძის სახელოსნო).
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დანაყოფებში ვმუშაობდი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, სამხედრო წოდება – პოლკოვნიკი. დაჯილდოვებული ვარ სხვადასხვა სახის ჯილდოებით მათ შორის: მედლით „გენერალი კვინიტაძე“, მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ და მედლით „უმწიკვლო სამსახურისათვის”. მქონდა სამი პერსონალური გამოფენა: 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო სურათების ეროვნულ გალერეაში (ცისფერი გალერეა), 2003 წელს „ბაია გალერეაში“ და 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტოში. ჩემი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
როდის დაიწყეთ ხატვა? რატომ სურეალიზმი?
ხატვა დავიწყე ადრეული ბავშვობიდან, დაახლოებით 3 წლის ასაკიდან. 8 წლის ასაკში ჩემი პირველი პედაგოგი ფერწერის და გრაფიკის კლასში იყო ბატონი რაფიელ მაყაშვილი (სადაც პირველად მივიღე მონაწილეობა საბავშვო ნახატების ჯგუფურ გამოფენაში), მოგვიანებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში რამდენიმე წელი დავდიოდი გრაფიკის კლასში.
რაც შეეხება ხატვის სტილს, სურეალიზმი როგორც მიმდინარეობა ყველა სხვა პროგრესულ, თანამედროვე თუ პოსტ-ავანგარდისტულ მიმდინარეობებთან ერთად საბჭოთა კავშირის პერიოდში აკრძალული იყო და სპეცსამსახურების მიერ „მკაცრად კონტროლდებოდნენ“ ისინი, ვინც აღნიშნული ტიპის მხატვრობით თუ ლიტერატურით იყვნენ გატაცებულნი. აღნიშნულიდან გამომდინარე თითქმის საბჭოთა კავშირის დაშლამდე დადაიზმისა და სურეალიზმის შესახებ ბევრი არც არაფერი მქონდა ნანახი თუ წაკითხული. ძალიან მომწონს ე.წ „პატარა ჰოლანდიელები“ და მათი ნატურმორტები. ვთვლიდი, რომ თუ მხატვარი გამოვიდოდი ნატურმორტი იქნებოდა ჩემი ნამუშევრების საუკეთესო მხარე. დაახლოებით 15 წლის ასაკში შემთხვევით ვნახე ერთდროულად ორი დიდი მხატვრის ნამუშევარი (ვაკერში მე-9 საავადმყოფოსთან მიწისქვეშა გადასასვლელში ფოტოგრაფის ვიტრინაში). ეს იყო ანსამბლ DEEP PURPLE (1969 წ-April) – ფირფიტის გარეკანზე გამოსახული ჰიერონიმუს ბოსხის „ტკბობის ბაღის“ ფრაგმენტი (შავ-თეთრი) და ჯუზეპე არჩიმბოლდოს „გაზაფხული“. ალბათ, ამ ფოტოების ნახვით განცდილმა ღრმა ემოციამ განაპირობა მოგვიანებით ჩემი მხატვრული სტილის განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემში ალბათ ქვეცნობიერად ჩადებული იყო ისეთი აზროვნების სტილი, რომელიც პოსტ-ავანგარდიზმისკენ მიდრეკილებას განაპირობებდა.
ყველა იმ ფაქტორებისა თუ მონაცემების გათვალისწინებით, რაც ჩემს პიროვნებასთან არის დაკავშირებული, ადრე თუ გვიან ალბათ გარდაუვალი იყო, რომ მე არ დავინტერესებულიყავი სურეალიზმით.
ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხატვარს თანდაყოლილი ჰქონდეს განცდის ნიჭი, რაც განაპირობებს მისი, როგორც შემოქმედის განუმეორებელ ინდივიდუალობას. შედარებით მცირე დოზით ფსიქოანალიზი და გაცილებით გამოკვეთილი ფილოსოფიურ-პოეტური ერუდიცია და ინტელექტი. ხანდახან ადამიანს უჭირს რაღაცის გახსენება, მაგრამ მას გააჩნია უნარი ეძებოს მისთვის სასურველი და საბოლოოდ მიაგნოს მას… ერთ გადადგმულ ნაბიჯს სწრაფად მეორეც მოყვება. მაგალითად: რძის დანახვის შემდეგ ადამიანი გადადის თეთრ ფერზე, თეთრი ფერიდან შემდეგი ნაბიჯი სუფთა ჰაერია, ჰაერიდან გადადის ნესტზე, შემდეგი აზრობრივი სვლა შემოდგომაა, რისი გახსენებაც ჩვენ, სავარაუდოდ, თავიდან ვერ შევძელით… სწორედ ანალოგიური ქვეცნობიერი ლოგიკური სვლებით იქმნება ჩემი ნამუშევრები. ჩემთვის სურეალიზმი არის სისხლის ჯგუფი. მიუხედავად უამრავი ინფორმაციებისა და ილუსტრაციებისა სურეალიზმის შესახებ, შეუძლებელია სურეალიზმის სწავლა და სურეალისტად ჩამოყალიბება. თუ ბუნებამ გარდა ხატვის ნიჭისა პიროვნებაში არ ჩადო „ინელექტუალური სურეალისტური კოდი“, უკეთეს შემთხვევაში ეს იქნება „გამართული ფერწერით“ შესრულებული არაინტელექტუალური კიჩი, უგემოვნებო ფსევდოხელოვნება.
რას ნიშნავს ხელოვნება თქვენთვის?
ხელოვნება უძველესი დროიდან არსებობს და მას ქმნიდა ადამიანი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. იმ პერიოდშიც კი, როდესაც ადამიანს ყოფელდღიურად უხდებობა გადარჩენისთვის ბრძოლა ის გამოქვაბულის კედლებზე თავისებურად გამოხატავდა სიყვარულს მშვენიერების მიმართ.
დღევანდელ აბსურდულ და აგრესიულ სამყაროში როგორც მოდელირებულ ცნობიერებაში ჩვენ ვიბადებით პირდაპირ ბრძოლის ველზე. ჩემთვის ხელოვნება ნაწილობრივ სწორედ ის გამოქვაბულია სადაც ხელოვნების მეშვეობით შეიძლება თავი დაიცვა პარანოიკალური სათნოებისგან. თანამედროვე ხელოვნება ხომ ჩვენს სამყაროში მიმდინარე აბსურდულობის კვინტენსენციაა (უფერული და უინტერესო იქნებოდა ხელოვნების გარეშე ჩვენი წარმოსახვის უნარი, თუკი მხოლოდ ჩვენი ცხრა გრძნობების ორგანოებით და შეგრძნებებით ვასაზრდოვებდით ჩვენს ტვინს).
გყავთ თუ არა შთაგონების წყარო?
ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა (იდუმალი, ამოუცნობი), რომელიც ალბათ სუფთა ემოციურ ფაქტორზეა დამოკიდებული და ყველაფერს განსაზღვრავს ინდივიდის შინაგანი განცდის სიმძაფრე. მიზანმიმართულად მისი მიღწევა საკმაოდ რთული. ინსპირაციის პრობლემა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ არ არსებობს შთაგონების მარადიული წყარო. მე მუდმივად ვეძებ რაღაც ახალს, რამაც შეიძლება შემიქმნას მოტივაცია, რაც მიიღწევა მარტო გამუდმებული შრომის შედეგად. ჩემთვის შთაგონების ინსპირატორი შეიძლება გახდეს: – კონფლიქტური იდეების შინაგანი დაპირისპირება, რწმენა, ღირებულებები, ან ემოციური რეაქციები. – სუბლიმაცია, როდესაც ინსტინქტური ენერგია გადადის ქცევის არაინსტინქტურ ფორმებში – სიყვარული (შთაგონების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემოქმედებითი იმპულსების წყარო, რომელიც ხშირ შემთხვევაში იდენტიფიცირდება მხოლოდ სუბლიმაციით). საკუთარ მოტივებსა და ემოციებში ჩაღრმავება. – მოგონებები, სიზმრები და სხვა ფაქტორები, რომელთა რაციონალური გამოყენებით იქმნება ნამუშევრები.
ჩემი ცხოვრების „რიტმიდან“ გამომდინარე მე არ მაქვს იმის ფუფუნება ველოდო “მუზებს“ და შთაგონების წყაროს. თითქმის ყოველთვის (დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში) მე მიწევს ხატვა, რაც ალბათ პირდაპირ დამოკიდებულია ჩემი „შინაგანი განცდების მახსოვრობასთან“. ნახატი მთავარია მე წარმოსახვაში დავხატო თორემ ტილოზე გადატანა ეს მხოლოდ დროის ფაქტორია და მეტი არაფერი.
ძირითადად სად იყიდება თქვენი ნახატები?
სამწუხაროდ ჩემი ნახატები ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ იყიდება (ბოლო ნამუშევრებიც დეკემბრის თვეში ორმა ესტონელმა კოლექციონერმა შეიძინა).
არის თუ არა დაინტერესება საქართველოში?
საქართველოში მარტო მხატვრობით ცხოვრება ძალიან რთულია, ამას მხოლოდ ერთეული მხატვრები თუ ახერხებენ. სამწუხაროდ უნიჭიერეს მხატვართა დიდი ნაწილი ან საზღვარგარეთ გაემგზავრა და იქ მოღვაწეობენ, ან ადგილზე მუშაობენ მხოლოდ საზღვარგარეთის ბაზარზე.
საქართველოში თანამედროვე მხატვრების ცნობადობა არის ძალიან დაბალი. მათი შრომა არის დაუფასებელი ხოლო შეფასება ბუნდოვანი და პრიმიტიულია.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული დიდი ინტელექტუალური პოტენციალისა, სამწუხაროდ მას მერე რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო მხატვრობის კუთხით იმ სახით ვერ ჩამოყალიბდა ის საჭირო ინსიტუტები, რაც აუცილებელია აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც მთელი სფეროები არიან ამ საქმიანობით დაკავებულები. ჩვენთან კი უშუალოდ მხატვარს უწევს იყოს „თვითდიზაინერი“ და “რეპრეზენტალური“.
ცალკე თემაა გამოფენების მოწყობა. ჩემი მოსაზრებით რა აზი აქვს გამოფენის მოწყობას საქართველოში თუ მხატვრის ცხოვრებაში გამოფენის შემდეგ კვლავ არაფერი სიახლე არ არის?!
თქვნი აზრით, როგორი უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის ხელოვნება?
თანამედროვე ხელოვნება იმითაა უნიკალური, რომ არ არსებობს პირდაპირ რაიმე დადგენილი შეფასების კრიტერიუმები, რითაც შესაძლებელია ხელოვანის მიერ წარმოდგენილ ნიმუშზე მსჯელობა.
21-ე საუკუნის მნახველს სურს გამოფენაზე იხილოს მხატვრის „პარადოქსულ ტვინში გატარებით“ შექმნილი დღევანდელი თანამედროვეობის ობიექტები.
მთავარი ის კი არ არის რაც გააკეთე, არამედ მთავარი შენი, როგორც მხატვრის ინელექტუალური „ნააზრევია“. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ შენ როგორც მხატვარი „რაღაც ქმნილებას“ უწოდებ ხელოვნების ნიმუშს და რაღაც „უცნაური“ გზებით ადამიანთა დიდი მასა ამაში დაგეთანხმება. ყოველივე ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ დასვლური ცივილიზაციის თანამედრვე დამთვალიერებელი გამოირჩევა ზემოაღნიშნული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების დიდი სიყვარულით. თანამედროვე ხელოვნება არის როგორც ლაბირინთი, სადაც თუ შეგიტყუეს, იქედან არ არსებობს გამოსავალი, იმიტომ, რომ თვითონ დღევანდელი სამყარო არის აბსურდული.
ავტორი: სოფო გიორგაძე