გულსაკიდი წიგნაკები ფერადია, მრავალფეროვანი და აბსოლუტურად ერთი კონკრეტული ადამიანის გემოვნებასა და სურვილებზე მორგებული. ისინი იქმნება ერთადერთი. თითოეულო მათგანი დასამახსოვრებელია და შეგიძლია, სულ თან ატარო. ამ წიგნაკებს Noel handmade-ი ამზადებს. მთავარი იდეა ის არის, რომ ადამიანმა მუდამ თან იქონიოს საკუთარი ის ემოცია და შთაბეჭდილება, რომელიც მას ეკუთვნის და პატარა ნივთითაა გამოხატული.
„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ლელა ბოქოლიშვილი, Noel handmade-ის დამფუძვნებელი პასუხობს.
გულსაკიდ წიგნაკებს ამზადებთ. რით არის ისინი გამორჩეული სხვა აქსესუარებისგან?
Noel Handmade არის სახელოსნო, სადაც მზადდება სხვადასხვა სახეობის მხოლოდ ხელნაკეთი პროდუქცია. ესენია განსხვავებული ფორმატის ხელნაკეთი წიგნაკები, ფოტოალბომები, მოსაწვევი ბარათები… გულსაკიდი წიგნაკები ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა და საკმაოდ მოთხოვნადიც. ეს პროდუქტი გათვლილია მათზე, ვისაც ორიგინალური აქსესუარები იტაცებს. ყველა მათგანი დამკვეთის ინტერესების მიხედვით იქმნება, ამიტომ თითოეული ნივთი ინდივიდურია. გათვლილია მომხმარებელზე, ვისაც გაჯეტების ეპოქაში წიგნის სურნელი კვლავ თავბრუს ახვევს. ისინი შეიძლება, დამზადდეს როგორც გულსაკიდის, ასევე – ბროშის, ბრელოკის ან თუნდაც საყურის სახით, გააჩნია მომხმარებლის სურილსა და გემოვნებას.
რისგან მზადდება ისინი?
ციცქნა წიგნაკები ზომით დაახლოებით 2X3 (სმ)-ზეა, თუმცა ზომა მომხმარებლის გემოვნების მიხედვით იცვლება. თითოეული მათგანი სრულყოფილი წიგნაკია, რაც გულისხმობს, რომ მას ჩვეულებრივი ფურცლები აქვს, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია, სასურველი ინიციალები, სიტყვები ან თუნდაც რამე ტექსტი დაიტანოს. ფურცლები შესაძლოა, იყოს ნებისმიერი ფერის, ან სულაც დაძველების ეფექტით, რომელსაც სახელოსნოში ხელით ვაკეთებთ. გვაქვს სიახლეც – ფურცლებს ვქმნით თავად. მის სტრუქტურაშიც არის ცოცხალი ყვავილები, ფოთლები, წიწვები, თუმცა ასეთ ფურცელს შედარებით მოზრდილ წიგნაკებზე ან მოსაწვევ ბარათებზე ვიყენებთ.
წიგნაკების ყდად ვიყენებთ როგორც ნატურალურ ტყავს, ასევე – ტყავის შემცვლელს. თუ მომხმარებელს სურს, რომ საყვარელი წიგნის მინიატურული ასლი შევუქმნათ, ამ შემთხვევაში მუყაოსგან მზადდება მყარი პრინტიანი ყდა. შესაძლოა ნებისმიერი პრინტის ტყავის ყდაზე დატანა, ეს აბსოლუტურად დამკვეთის გემოვნებაზეა დამოკიდებული.
როგორია ერთი წიგნაკის შექმნის პროცესი?
პირველ ყოვლისა, შერჩეული ფურცლები იკვრება რვეულებად, იკინძება, უკეთდება ფორზაცი და ყდა, შემდეგ კი, სურვილისამებრ, უმაგრდება საკიდი, ბროშის სამაგრი, ან ბრელოკის საკიდი.
ძირითადად, რა სურვილები აქვს მომხმარებელს?
ყველა მომხმარებელს ინდივიდური გემოვნება აქვს. მოსწონთ პრინტიანი, ზოდიაქოს ნიშნიანი და საყვარელი წიგნის მინიატურული ასლები, ასევე, წიგნაკები, რომლებზეც თავიანთი ჰობის ნიშანია, ვთქვათ – ელექტროგიტარა, ნოტი, ველოსიპედი და ა.შ. ყოფილა დაკვეთა როგორც ქრისტიანული, ასევე – მუსულმანური რელიგიური სიმბოლიკით. ფურცლებიდან ხელით დაძველებული ქაღალდი უპირობო ლიდერია.
როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა შეიძინოს ადამიანმა თქვენი წიგნაკი?
ვფიქრობ, რომ ორიგინალური აქსესუარია. ყველა ადამიანს აქვს საყვარელი თარიღი, სიტყვა, ფრაზა საყვარელი წიგნიდან, რომელიც, უბრალოდ, შეუძლიათ, სულ თან ატარონ. „ნოელის“ ციცქნა წიგნაკები არაჩვეულებრივი საჩუქარია, რომლითაც შეგიძლია, ადამიანი გააოცო. თანაც შექმნილია სიყვარულით და ეს მუხტი ყველა მათგანში იგრძნობა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე