24 ოტომბერს მსოფლიოს უდიდეს საერთაშორისო ორგანიზაციას გაერო-ს 68 წელი შეუსრულდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, შემოკლებით გაერო, შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, კონკრეტულად კი 1945 წლის 24 ოქტომბერს მისი წესდება იქნა გამოქვეყნებული და მას შემდეგ ეს დღე აღინიშნება როგორც გაეროს შექმნის დღე.
ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და ფუნქციებია დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა, განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა დაფუძნებული ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე, განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად, ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად და ა.შ. მოკლედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც კრძალავს ძალისმიერი და სამხედრო მეთოდების გამოყენებას რაიმე პრობლემის მოგვარებაში.
თავიდან ამ ორგანიზაციის წევრი იყო 51 სახელმწიფო, მაგრამ დროთა განმავლობაში მასში ახალი წევრები შევიდნენ და დღეს გაეროს წევრია 190 ქვეყანა, ხოლო მისი სათაო ოფისი ნიუ-ორკში მდებარეობს, საიდანაც ხდება მისი მმართველობა, ყოველწლიური გენერალური ასამბლეის სესიებიც სწორედ აქ ტარდება. გაეროს უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენენ გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, ეკონომიკური და სოციალური საბჭო, გენერალური სამდივნო და საერთაშორისო სასამართლო.
გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ჰიტლერული გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალურ ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს. როგორც ზემოთაც ვთქვით, გაეროს წევრია მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანა, ხოლო ამის გარდა დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.
ამ ორგანიზაციის მთავარ აღამსრულებელ ორგანოს უშიშროების საბჭო წარმოადგენს, რომელსაც ხუთი მუდმივი და ათი დროებითი წევრი ჰყავს, თუმცა ვეტოს უფლების გამოყენება მხოლოდ ხუთ მუდმივ წევრს აქვს და ესენია აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინგლისი და საფრანგეთი. უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები მაშინ შედის ძალაში თუ მას კენჭისყრაზე 15 წევრიდან 9 წევრი მისცემს დადებით ხმას. თუ ვეტოს უფლების მქონე ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს არ ჩაითვლება უარყოფით ხმად.
დღეს მსოფლიო მეტად რთულ ვითარებაშია, რადგან მის ბედს წყვეტს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი და ამიტომ გაეროს რეორგანიზაციას მოითხოვს, რამეთუ იგი ვეღარ ასრულებს პირობებს და ვეღარც თანამედროვეობას უწყობს ფეხს. ამის დასტურად კი თუნდაც პალესტინის და კვიპროსის პრობლემების მოუგვარებლობის მაგალითიც შეიძლება გამოდგეს, რომლებშიც 40 წელზე მეტია რაც კონფლიქტები გრძელდება, მაგრამ გაერომ ვერა და ვერ გამონახა პრობლემის მოგვარების გზა და მოლაპარაკებები ამ ორივე პრობლემის ირგვლივ უსასრულოდ გრძელდება რა გაერო მხოლოდ რეზოლუციების გამოქვეყნებით კმაყოფილდება.
აქედან გამომდინარე ალბათ მართლაც დადგა დრო გაეროს რეორგანიზაციისა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკმაყოფილება მის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიზრდება და ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ამ უახლოეს დღეებში გაეროს უშიშროების საბჭოს დროებით წევრად არჩეული საუდის არაბეთის მხრიდან გაეროს უმოქმედების პროტესტის ნიშნად წევრობაზე უარის თქმა. მოკლედ, გაერომ ფხა უნდა გამოიჩინოს ყველა პრობლემის მოგვარებაში, რასაც მას ავალდებულებს მისივე წესდება და უნდა გადაიქცეს ქმედით და ეფექტურ საერთაშორისო ორგანიზაციად, რომლის სიტყვა და საქმე ერთი იქნება.
25.10.13
Discussion about this post