ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ლექტორი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მიქანაძე ეხმიანება. იგი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე თეოლოგების ნაწილს მიმართავს და მეტი კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს.თეოლოგებს სთხოვს შემოქმედზე საუბრით ადამიანები უფლის გზასთან მიიყვანონ და საზოგადოებას აჩვენონ ის რაც მთავარია- “ღმერთობა, ერთობა, სიყვარული, სიბრძნე, გაგება, დათმენა, ატანა, გადმოცემის ფორმა, მიწოდების ტაქტი, ჯანსაღი ლოგიკა და მსჯელობა შემოქმედის სიყვარულით განმსჭვალული”. “თბილისი თაიმსი” გიორგი მიქანაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“თეოლოგია – Etym. ბერძ. theós „ღმერთი“ + lógos „საუბარი“ – ღმრთის შესახებ მსჯელობა, ანუ მოძღვრება ღმერთის არსისა და ყოფის შესახებ.
დღევანდელ ცნობილ თეოლოგთა დიდი ნაწილი რატომ იკეტავს აზროვნების დიაპაზონს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სასულიერო პირთა კრიტიკითა და იკნინებს პროფესიას ვერ ვხვდები.
ეს, ჩვენი ძვირფასი ჟურნალისტები კი გაძლევენ ასპარეზს, მაგრამ თავად რომ გლეჯთ საკუთარ შუბას ვერ ხვდებით?!
არ გვაინტერესებს ეს იერარქები, აქ ასე იყო, იქ ისე იყო, სისტემები და მექანიზმები, – ადვილია!
სად არის თქვენს თეოლოგობაში თეოსი? დარჩა მხოლოდ ლოგოსი? ანუ უღმერთო საუბრები!?
ჩემამდე, როგორც ერთ, უბრალო ერისკაცამდე მოაღწიეთ ღმერთზე მეტყველებით. კრიტიკით ნუ მოხვალთ და ჩემს მოპოვებულსაც ნუ მართმევთ. ლეში ნუ აგეწვებათ სიმწრით სიბერესა და ახალგაზრდობაშიც. ცხოვრება მშვენიერია.
ის, რასაც თქვენ აკეთებთ მეტადრე უფრო პოლიტიკის და სამოქალაქო აქტივიზმის ასპარეზის სფეროა. მესმის, რომ თეოლოგია ფარავს საეკლესიო პოლიტიკის, მართვა-გამგეობის საკითხებსაც, – თუმცა ყველა რატომ იყრით თავს იქ სადაც მთავარი სხვაგანაა – ღმერთობა, ერთობა, სიყვარული, სიბრძნე, გაგება, დათმენა, ატანა, გადმოცემის ფორმა, მიწოდების ტაქტი, ჯანსაღი ლოგიკა და მსჯელობა შემოქმედის სიყვარულით განმსჭვალული. რატომ მოდის თქვენი საუბრებიდან მხოლოდ ხორცის კივილი, შური, ბოღმა, ვნება და მრისხანება?!
რამ დაგაბრმავათ, რამ გაგამწარათ, ასე რატომ დაეცით!? სხვის ცოდვას რომ მიფრიალებთ, თუ ეს სიმაღლე გაქვთ, – ჯერ თქვენს ცოდვებზე მესაუბრეთ და დამანახეთ როგორ განიცდით.
შემოქმედზე მესაუბრეთ მეგობრებო, – მიმიყვანეთ უფალთან, დამეხმარეთ!
ბზობას გილოცავთ.
საქართველოს ჰყავს უძლიერესი სამოციქულო ეკლესია მსოფლიოში – გიხაროდეთ და გეამაყებოდეთ! სხვა ყველაფერი დეტალია და უმნიშვნელო.
მთავარი, ყოველთვის მთავარია მთავარი.
მოდის ჯანსაღი თაობა!
მრავალ აღდგომას – სიხარულით”.