ჩემი მიზანია, ახალი აღთქმის ზოგიერთ სამოციქულო წიგნზე დაყრდნობით წარმოგიდგინოთ, სამოციქულო სწავლება იმის თაობაზე თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ეკლესიის წევრებს საერო ხელისუფლების მიმართ.
ქრისტიანული ეკლესიის დაფუძნების დღიდან ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა მისი ურთიერთობა წარმართულ საზოგადოებასთან, კერძოდ: ქრისტიანები, ცხოვრობდნენ რა წარმართულ ქვეყნებში უნდა დამორჩილებოდნენ თუ არა ადგილობრივ, წარმართული მსოფლმხედველობის მქონე ხელისუფლებას?
და თუ უნდა დამორჩილებოდნენ, ეს ხომ არ გამოიწვევდა ქრისტეს მიერ ადამიანის სრულებით გამოხსნის არამართებულ გაგებას?
გარდა ამისა, ქრისტიანებს არცთუ იშვიათად ადანაშაულებდნენ იმის გამო, თითქოს ისინი მხოლოდ იესო ქრისტეს, როგორც თავიანთ მეუფეს ემორჩილებოდნენ და აუცილებლობად არ მიიჩნევდნენ იმ წესებითა და კანონებით ცხოვრებას, რომელთაც სახელმწიფო ქმნიდა.
წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთ ეპისტოლეებში (წერილებში) ეხებიან ამ თემებს და ძალიან მნიშვნელოვან სწავლებებსაც გვაწვდიან.
რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული სავსებით გასაგებად ამბობს, რომ ყველა ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლებას, რადგან იგი ღვთის მიერ არის დადგენილი: ,,დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია“ (რომ. 13:1).
საყურადღებოა, რომ პავლე მოციქული მოგვიწოდებს ,,ხელმწიფების“ მორჩილებისკენ და არა თავად ,,ხელმწიფისა“, ვინაიდან ხელმწიფე ანუ მმართველი შესაძლოა არც იყოს პიროვნული თვისებებით გამორჩეული და ღვთივსათნო საქმეებით შემკული, ხოლო ზოგადად ,,ხელმწიფება“ როგორც ძალაუფლება, როგორც მმართველობის ერთგვარი სისტემა ღვთისგან არის დადგენილი, რომელმაც უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში წესრიგი და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს.
ცხადია, ქრისტიანი ადამიანი ყველა საქმეში წესრიგის მოყვარული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი იმ საერო კანონებსაც უნდა დაემორჩილოს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში სრულ წესრიგს.
იგი არა მხოლოდ საეკლესიო ცხოვრებაში უნდა ითვალისწინებდეს და აღიარებდეს იერარქიულობას, არამედ საეროშიც, რადგან ორივე ღვთის მიერ არის მოცემული.
ხელისუფლებისადმი მორჩილების მაგალითი თავად უფალმა მოგვცა: წმინდა სახარების თანახმად, მართალი იოსები და წმინდა მარიამი საყოველთაო აღწერაში იღებენ მონაწილეობას, რითაც ერთგვარად ხარკს უხდიან მაშინდელ კეისარს (როგორც ცნობილია, როდესაც ძე ღმერთი იშვა მარადქალწულისგან, მაშინდელი იუდეა დამორჩილებული იყო სრულიად წარმართული მსოფლმხედველობის მქონე რომის იმპერიას, რომელსაც წარმართი ხელისუფალნი განაგებდნენ).
ქრისტეს მოციქულებიც ქრისტიანებს მოუწოდებდნენ დამორჩილებოდნენ ყოველგვარ ხელისუფლებას, რომელთა სათავეშიც, ბუნებრივია, სწორედ არაქრისტიანი მმართველები იდგნენ. მაგრამ წარმართი ხელისუფლებისადმი მორჩილება სრულებითაც არ უშლიდათ მათ ხელს საღმრთო მცნებების დაცვაში. ამიტომ უკეთესი იყო თუნდაც არამორწმუნე ხელისუფალთა მიერ დადგენილი წესდების შესრულება, ვიდრე სრული არეულობა და შფოთი.
ხელისუფლების, როგორც მმართველობის სისტემის სრული უარყოფა არის ანარქია. აბსოლუტურად არცერთ საზოგადოებას არ შეუძლია იარსებოს ანარქიის პირობებში. ასე რომ უკეთესია იყოს ცუდი მმართველობა, ვიდრე სრულიად არაფერი.
უკეთესია წესრიგი, ვიდრე ქაოსი.
ვინც სამოციქულო მოწოდებას საერო ხელისუფლებისადმი მორჩილების შესახებ ყურად არ იღებს, კერძოდ იმას, რომ ადამიანმა თავისი სამოქალაქო ვალდებულებანი პატიოსნად უნდა შეასრულოს და არ შეეწინააღმდეგოს საერო იერარქიას, იგი მაშინვე ღვთის მოწინააღმდეგედ იქცევა, რადგან არ ისმენს და არც ასრულებს მაცხოვრის მცნებას: ,,მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა“ (მათე 22:21).
ასეთი საქციელი სასჯელის მომასწავებელია.
რა მოეთხოვება ქრისტიანს არაქრისტიანი მმართველის მიმართ?
ამის თაობაზე წმინდა პავლე მოციქული შემდეგნაირად შეაგონებს ტიმოთეს: ,,უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით“ (I ტიმ. 2:1-2).
ქრისტიანები გარკვეულ მზრუნველობას უნდა იჩენდნენ არაქრისტიანი მმართველების მიმართ, რაც გამოიხატება მათთვის ლოცვით.
და რატომ უნდა ლოცულობდეს ქრისტიანი მათთვის?
იგივე პავლე მოციქული ამას ასე უპასუხებს: ,,ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის – ჩვენი მაცხოვრის თვალში, რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (I ტიმ. 2:3-4).
ქრისტიანობა არ არის დაუმორჩილებლობა, პირიქით, ის ყველასთვის პატივის მიმგებია, კვლავ აღვნიშნავ, თავის საზღვრებში.
ამიტომაც ამბობს პეტრე მოციქული: ,,როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები. პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს“ (I პეტრე 2:16-17).
პავლე მოციქული ბრძანებს: ,,ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ“ (რომ. 13:3-4).
ამავეს ამბობს პეტრე მოციქულიც: ,,ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად. ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას“ (I პეტრე 2:13-15).
სახელისუფლებო წყობა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, არის ქვეყანაში არეულობის დამაცხრობელი და წესრიგის დამამყარებელი; რადგან ხელისუფალთა მოვალეობა სწორედ ბოროტმეძიებელთა დასჯა გახლავთ. მეფე, ან ნებისმიერი ტიპის მმართველი, მოვალეა, რომ დაიცვას ადამიანთა უსაფრთხოება; შესაბამისად, მისი წესდება თუ რაიმე სახის დადგენილება ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომაც ეკლესიისთვის, როგორც წესრიგისა და მშვიდობის მქადაგებლისთვის, დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს საერო ხელისუფლების ცნობა და მორჩილება მისდამი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მკაფიოდ გამოიკვეთა სამოციქულო სწავლება ხელისუფლების შესახებ.
ჩვენ დავინახეთ, რომ სამოციქულო მოძღვრება, რომელიც არის საყოველთაო ხმა, მაცხოვრის სწავლებაზე დაყრდნობით, ყოველგვარი დაფარულობის გარეშე მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ პატიოსნად ემსახურონ ხელისუფლებას, როგორც ღვთის მიერ დაწესებულ ინსტიტუციას, მაგრამ ისე, რომ ღვთის მცნებების აღსრულება მასში არ დაბრკოლდეს.
თეოლოგი, ლაშა ჯიხვაშვილი