ჩვენმა განხორციელებულმა ღონისძიებამ, რომელიც შეეხებოდა სამი თვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, მოიცვა ადამიანების დიდი კატეგორია, მათ შორის თვითდასაქმებულებიც და სხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებიც. შემდგომში, უფრო მეტი დეტალები პარასკევს გახდება ცნობილი, – ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “საღამოს ნიუსრუმი“ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრეტიგია აქვს სახელმწიფოს თვითდასაქმებულებთან მიმართებაში, როგორ მოხდება მათი აღრიცხვა და რა დახმარებას მიიღებენ ისინი.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, მათი მთავარი ამოცანაა, შეარბილონ პანდემიით გამოწვეული დარტყმა როგორც მოსახლეობაზე, ისე ყველაზე მეტად დაზარალებულ ბიზნესებზე.
„პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა და მოკლევადიანი გეგმა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ შევარბილოთ დარტყმა როგორც მოსახლეობაზე, ისე ყველაზე მეტად დაზარალებულ ბიზნესებზე. ამ გეგმის განხორციელება პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და მთელი რიგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, იქნება ეს გადასახადების გადახდის გადავადება ტურიზმისთვის, ტურიზმთან ასოცირებული ბიზნესებისთვის, თუ სამი თვის კომუნალურების სუბსიდირება ოჯახებისთვის. ეს შეეხო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 2/3-ს ჩვენი ოჯახებისა და აბონიმენტების. პარასკევს უკვე პრემიერ-მინისტრი გააკეთებს პრეზენტაციას უახლოესი ნაბიჯების, რომელიც მიმართული იქნება სწორედ ეპიდემიით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებებისკენ და იქ დავასახელებთ უკვე კონკრეტულ ციფრებსა და ღონისძიებებს. ეს იქნება ძალიან კონკრეტული გეგმა.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებს, ერთ-ერთი ჩვენი განხორციელებული ღონისძიება, რომელიც შეეხებოდა სამი თვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, ეს იყო: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, დასუფთავება და წყლის მოხმარების გადასახადი, სწორედ ისე იყო გათვლილი, რომ შეეხებოდა ყველა კატეგორიას, განურჩევლად იმისა თუ სად არის ადამიანი დასაქმებული, არის ის დასაქმებული თუ უმუშევარი. შემდგომში, უფრო მეტი დეტალები პარასკევს იქნება გაშლილი“,- განაცხადა ნათია თურნავამ.