ცოტახნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დანაშაულის რიცხვი, მათ შორის, ოჯახში ძალადობუს ფაქტები, შემცირდა. პანდემიის ფონზე ადამიანები ერთ სივრცეში გაცილებით დიდ დროს ატარებენ – როგორ უკავშირდება ეს მოცემულობა იმ ფაქტს, რომ შემცირდა დანაშაულის სტატისტიკა? ამასთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსს“ იურისტი, ვალერი გელბახიანი ესაუბრა.
„ოჯახში ძალადობა განსხვავებული ტიპის სოციალური დანაშაულია, რომელიც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, დამოკიდებულია ოჯახურ პრობლემებზე, ყოფით ქცევებზე… სწორედ ამიტომ არ არის ეს ჩვეულებრივი კატეგორიის დანაშაული.
თუ ოჯახში არის ისეთი მოცემულობა, რომ ცოლი და ქმარი ერთმანეთს ხასიათების გამო ვერ ეწყობიან, კამათსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას არეულობის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ შესაძლოა, ფიზიკური ძალადობა ძალიან ბევრი ოჯახისთვის თანმდევი მოვლენა იყოს, რაც არ გამოდის სააშკარაოზე. ძალადობის ლატენტური, ანუ ფარული ნაწილი უფრო დიდია, ვიდრე – ოფიციალურად გაცხადებულის. ეს დანაშაული მხოლოდ კრიმინალურ ასპექტს არ გულისხმობს. დაკავშირებულია, ასევე, ტრადიციებთან. პრობლემა კი მხოლოდ აღკვეთა, დასჯა არ არის, პრობლემა არის ცნობიერება – ქალი იქნება თუ კაცი, როგორ შეიმეცნებს ის საკუთარ თავს ოჯახში, როგორ აქვს მას გაცნობიერებული ოჯახური პასუხისმგებლობა, საერთო ინტერესი და ა.შ. საბოლოოდ, დანაშაული დაკავშირებულია იმ სოციალურ ასპექტებთან, რომლებიც ოჯახში პრობლემების სახით არის დაგროვებული.
ოჯახში ძალადობა ძალიან რთული სოციალური გადახრაა, რომელიც ანალიტიკურად არ არის დამუშავებული და არ არის შემუშავებული აღკვეთის, პრევენციის საერთო რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, თუ იმ სტატისტიკით ვიმსჯელებთ, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ეს ზღვაში წვეთია. სინამდვილეში, დანაშაული ბევრად მეტია“, – აცხადებს იურისტი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.
რა მიზეზებით არის განპირობებული, პანდემიის პირობებში, ოჯახში ძალადობის ფაქტების კლების ტენდენცია?
როდესაც ქვეყანაში არის კრიზისი, დიდი პათოლოგიური შიში, დეპრესია – ეს ყველაფერი ადამიანებს აიძულებს, რომ იყვნენ გაერთიანებულნი. ამ მხრივ, ეს მოსალოდნელიც იყო. როდესაც შიშის ფაქტორი იმდენად დიდია, რომ ცოლ-ქმარს აერთიანებს, ეს, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა გამორიცხავს იზოლაციის პირობებში მყოფი ადამიანების კონფლიქტებს – აღარ არსებობს საბაბი: რატომ არ წახვედი სამსახურში? რატომ იქეიფე? და ა.შ. პრაქტიკულად, ეს ფაქტორები ირიცხება.
ბუნებრივია, დანაშაულის კლებაც ამან გამოიწვია. პრობლემა ნაკლებია. აკრძალვებმა და თვითიზოლაციამ, ცხადია, ერთ ოჯახში ადამიანები გააერთიანა და დაპირისპირებული ინტერესები მოაქცია ერთ ამოცანასა და ერთ მიზანში.
ავტორი: მარიამ ტიელიძე