დღეს არის რეალობა, რომელშიც ადამიანებს სიმშვიდედ მიაჩნიათ გარემო, სადაც მდინარე მორაკრაკებს, გლეხი მიწას ამუშავებს და ირგვლივ ახლახან აყვავებული მცენარეების სურნელი დგას. ანუ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი დაუბრუნდა სოფელს და დაუბრუნდა მიწის დამუშავებას.
ვიცით, რომ საქართველო ცნობილია საკუთარი ნოყიერი მიწითა და, ზოგადად, მიწათმოქმედებით. როგორც იტყვიან, ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს. ჰოდა, დღეს ვენახს ბევრი დამმუშავებელი ჰყავს და მშობლიურ კერას არაერთი დაუბრუნდა.
მარიამ ფერაძის სამშობლო იმერეთია. იქ გაიზარდა და თბილისში მოუწია ჩამოსვლა. დღეს ის საკუთარ სოფელშია და იქედან გვესაუბრება:
“ჩემი ფესვები იმერეთშია. სოფელ-სოფელ, ვენახ-ვენახ გამივლია აქამდე ცხოვრება. თუმცა, დადგა დრო, როცა, ჩემივე სურვილის საწინააღმდეგოდ, დედაქალაქში მომიწია წასვლა. ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი და ამას სულ მომწყვიტა ჩემს მიწა-წყალს. ახლა კი ისე მოხდა, რომ ჩემს ტკბილ სახლს დავუბრუნდი. რაც კი ამ სეზონზეა შესაძლებელი, ყველა პროცესში ვარ ჩართული. მე იმ თაობას ვეკუთვნი, გოგო-ბიჭებს, განურჩევლად ყველას რომ გვიხაროდა მიწაზე მუშაობა და უფროსებისთვის ხელის შეშველება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამყაროში სიგიჟე ხდება, ამ მოვლენამ მე ჩემი იმერეთის გზაზე კვლავ დამაყენა. ჩამოვედი, აქ ვარ, რაც ვიცი, რომ დროებითია, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად შევიგრძნო ყველა ნაბიჯი, ყველა ჩასუნთქვა და ყველა ამოსუნთქვა.
რა ჰქვია იმას, როცა მშობლიურ გარემოში რაღაც იძულებითი გაბრუნებს და იცი, რომ ეს დაბრუნება ჩარჩოებშია მოქცეული და სამუდამო არ არის? თბილისში ასეთ სიხარულს, ასეთ განწყობას არცერთი კუნჭული მანიჭებს ისევე, როგორც თბილისელი ვერ შეიგრძნობს ბოლომდე იმერულ ბედნიერებას.
დღეს აქ ვარ, თოხითა და ბარით ხელში და ვიცი, რომ ესაა ის, რაც მინდა. სამწუხაროდ, ჩემი პროფესია, ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება არ მაძლევს საშუალებას, გავმაგრდე ჩემს სოფელში. თუმცა ახლა, სანამ ტკბობა შემიძლია, მაქსიმალურად გამოვიყენებ დროს.
მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენს ქვეყანაში ვიყოთ და ცხოვრებამ საითაც უნდა, იქეთ გადაგვისროლოს, ოღონდ საქართველოს საზღვრებს ნუ გადაგვაბიჯებინებს“.
ვერ ვიტყვით, რომ გიორგისთვის სოფელი ყოველთვის სასურველი იყო. თუმცა დღეს ისიც კახეთიდან გვესაუბრება:
„სოფელში, ალბათ, ყველა ვყოფილვართ და ყველას გვიმაიმუნია მიწის იარაღებით. ახლა ისე მოხდა, რომ სოფელს „თავის გადასარჩენად“ მივაკითხე J. ძალიან დიდი სიამოვნებაა ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება. სიმშვიდეა აქ და ეს განასხვავებს თბილისისგან, სადაც დავიბადე და გავიზარდე. კახეთში არაერთი ნათესავი მყავს და ყოველთვის დიდი სიხარულით მელოდებიან, დღეს კი მიწის დამუშავების პროცესში ვარ ჩართული. აქაურებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩემი მანევრები, მაგრამ ესეც სასიამოვნოა J.
ცუდი ის არის, რომ აქ შედარებით დიდი ხნით ყოფნა გლობალურმა ვირუსმა მაიძულა, არადა, აქ რომ არის, ისეთი სასიამოვნო გარემო და გასაგიჟებელი ხედები სადაა თბილისში?! იმედია, მე თუ ვერა, სხვა ღირსეული ქართველები დაუბრუნდებიან სოფლებს ან დიდიხნით ან სამუდამოდ. ესაა უდიდესი, უდიდესი სიამოვნება.
მიხარია, რომ დღეს ბევრი დაუბრუნდა სოფლებს. ძალიან სასიამოვნო იქნება, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს და კიდევ ბევრი დაბრუნდეს საკუთარ მწვანე სამშობლოში“.
ავტორი: მარიამ ტიელიძე