ნებისმიერ საკითხში, როცა შთაგონების წყარო ბუნება და მისი მრავალფეროვნებაა, ასევე ფერადია შედეგიც. მსოფლიოში ბევრი მხატვარია. კიდევ უფრო მეტია ადამიანი, რომელიც მოყვარულის დონეზე ხატავს. ამ რიცხვებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა შემოქმედებაც, უბრალოდ, გვამუნჯებს დამთვალიერებლებს.
ბექა ხუცურაულის ნახატები, ბევრი ერთად რომ დაათვალიეროთ, შეიძლება, მსგავსი ნიჭის არსებობის, წამიერად, ვერც კი დავიჯეროთ. ხატავს ბუნებას და ქმნის ბუნების ფერებით. გარემოსა და მისი უნარების შერწყმა, საბოლოოდ, ენითაღუწერელ სილამაზეებს გვთავაზობს – მშვიდ მოცემულობაში შექმნილი ნამუშევრები დამთვალიერებლებსაც უდიდეს სიმშვიდეს გვრის. საკუთარი ნახატების შესახებ ბექა თავად გვიყვება.
ბექა, რა პროფესიის ხარ?
დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეკონომიკურ-ტექნიკური ფაკულტეტი, ჩემი სპეციალობა კი საკმაოდ განსხვავებულია ჩემი სამსახურებრივი კარიერისგან – ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების, ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების ექპლოატაცია – ესაა ჩემი პროფესია.
რა იყო მხატვრობაში შენი პირველი ნაბიჯები?
თავიდან, უბრალოდ, მოვსინჯე, თუმცა არ გამომივიდა. შემდეგ კი უკვე ძალიან დიდ ინტერესში ჩავვარდი. ამ ხნის მანძილზე რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ თუ რამეს ვაღწევ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, რა უნდა მივიღო თითოეული ჩანაფიქრიდან და არასოდეს ვკმაყოფილდები შედეგით. ვიცი, რომ მეტი შემიძლია და ამ განვითარებისთვის ძალიან ბევრი ღამე მაქვს გათენებული. ახლა კი ძალიან მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრებით უკვე სერიოზული ადამიანები (მოყვარულები, კოლექციონერები) ინტერესდებიან.
ძირითადად, რას ხატავ და რატომ?
ბუნების სიყვარული – ესაა მთელი ჩემი ენთუზიაზმი. ამოუწურავია ფერები ბუნებაში და ეს ფერთა სიმრავლე მახარებს და ხატვის დაუოკებელ სურვილს მიჩენს. როგორ ხასიათზეც ვარ, ფერებსაც შესაბამისად ვირჩევ, ეს ფერები კი უკვე კონკრეტულ მიმართულებას აჩენს – რა დავხატო. ჯაჭვური რეაქციაა, ამიტომ ვცდილობ, ბევრი დრო გავატარო ბუნებაში, თუ ამის საშუალება მაქვს. შესაბამისად, ჩემს ნახატებში ჭარბობს სეზონური პეიზაჟები, ნატურმორტები და სხვ.
რას ნიშნავს შენთვის ეს პროცესი?
ეს ის პროცესია, როდესაც მავიწყდება სხვა ყველაფერი, რაღაც სხვა სამყაროში გადავდივარ, რთულია ამ ყველაფრის ახსნა სიტყვებით, მთელი კონცენტრაცია გადადის ნახატზე და ვიწყებ „მოგზაურობას“. ვცდილობ, ტილოზე გადმოვიტანო ყველაფერი, რაც ჩემს გონებაში ხდება და ძალიან რთულია, მიხვდე, როდის სრულდება ნახატი, მგონი არც სრულდება, უსაზღვროა… სასწაული შეგრძნებაა, როცა ის გამოგდის, რასაც ფიქრობ.
გარდა ხატვისა, რით ხარ დაინტერესებული?
ზოგადათ, ძალიან მიყვარს სეირნობა ჩემი მანქანით. როგორც კი დრო მიჩნდება, მომენტალურად ვიღებ გადაწყვეტილებას, საით გავისეირნო, რომელ რეგიონში. განსაკუთრებით მიყვარს ზაფხული, როცა დღე იზრდება და ბევრი დრო მაქვს. მიყვარს საინტერესო ამბების კითხვა, კარგი მუსიკა და ოჯახსა და მეგობრებთან ყოფნა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე