კორონავირუსთან მიმართებით, მსოფლიოში არაერთი მითი, მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. ზოგიერთი მის განკურნებას უკავშირდება, სხვები კი პირიქით – მის გაუარესებას ეხება. საუბრები გვესმის იმასთან დაკავშირებითაც, რომ კორონავირუსი არის ვირუსი, რომელიც აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა მოიხადოს.
არის თუ არა ზემოხსენებული მოსაზრება სწორი? რა ახასიათებს მსგავსი ტიპის პანდემიებს? საკითხზე „თბილისი თაიმსს“ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ესაუბრა.
„არ არსებობს ისეთი პანდემია, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს. კორონავირუსთან დაკავშირებით რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ თუ წინამორბედ პანდემიებს შევადარებთ, დაახლოებით, მოლოდინი შეიძლება, იყოს 20%-30% და არა – მთელი მოსახლეობა. ეს თითქმის შეუძლებელია. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა, რომ პოპულაციური იმუნიტეტი მივიღოთ, ეს მხოლოდ ვაქცინით არის შესაძლებელი, როდესაც ვაქცინაცია ხდება მასობრივად და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩაიტარებს აცრებს“, – განმარტავს ინფექციონისტი.
ბუწაშვილი იმასთან დაკავშირებითაც გვესაუბრა, თუ რამდენად მოქმედებს განწყობა პანდემიაზე. მისი შეფასებით, განწყობას covid-19-ზე პირდაპირი გავლენა არ გააჩნია, თუმცა იმუნიტეტზე აისახება.
„რა თქმა უნდა, ინფექციასთან განწყობას პირდაპირპროპორციული კავშირი არ აქვს მაგრამ, ზოგადად, სტრესული სიტუაციები შესაძლოა, იმუნურ სისტემაზე ირიბად მოქმედებდეს უარყოფითად და ამ მხრივ, ალბათ, აქვს მას მნიშვნელობა. თუმცა ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით პირდაპირი ზემოქმედება არ გააჩნია“, – ამბობს მაია ბუწაშვილი ჩვენთან საუბრისას.
ავტორი: მარიამ ტიელიძე