ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება დასვენებისა და დროის ჯანსაღად გატარების სურვილი. ბევრს აინტერესებს, პანდემიის ფონზე, რა შესაძლებლობები არსებობს ამისთვის და ვის რა შეზღუდვის გათვალისწინება მოუწევს. მთის კურორტების მიმართ ინტერესი საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულია. შესაბამისად, საინტერესოა, რა ვითარებაა ხსენებულ კურორტებზე.
როგორც კი მსოფლიოში კორონავირუსი გავრცელდა და მას „პანდემია“ ეწოდა, საქართველოს მთის კურორტებმა მარტის შუა რიცხვებში მიიღო დავალება და ისინი დაუყოვნებლივ დაიხურა – დაიხურა სეზონი და, ცხადია, ტურისტს ფული აღარ დაუხარჯავს.
აღნიშნული საკითხით „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა და მთის კურორტების განვითარების კომპანიას დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის გახსნაზე რეგლამენტი ახლახან მიიღეს. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ რა რეგულაციები უნდა დაიცვან მომხმარებლებმა – იგულისხმება დეტალები, რომლებიც საერთო სივრცეში ბევრი ადამიანის თავშეყრასა და, პარალელურად, კონკრეტული წესების დაცვას გულისხმობს. სხვადასხვა მომსახურების ღირებულებას რაც შეეხება – ჯერ განსაზღვრული არ არის.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის უპირველეს მოვალეობას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც იყო დაწყებული და რომლის განხორციელებასაც ხელი პანდემიის შედეგად არსებულმა დაბრკოლებებმა შეუშალა, გახლავთ ის, რომ ახალი დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამი საბაგიროს მშენებლობა – ეს პროექტი კვლავ მიმდინარეა და მისი დასრულება, მაქსიმუმ, სექტემბერში იგეგმება.
ავტორი: მარიამ ტიელიძე