ბავშვობის ასაკში განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელია, როცა ბალეტის ილეთებს ვნახულობთ – რთული და გამორჩეული მოძრაობები, ყოველდღიურად, განსაკუთრებულ დროს მოითხოვს და, ზოგადად, ბევრ ნაყოფიერ წელთან არის დაკავშირებული. მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ზოგს „აიძულებს“, ბევრი ივარჯიშოს და საკუთარი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი დაუთმოს ბალეტს. თითოეულ ჩვენგანის გაკვირვება შესაბამისი მოძრაობებით ძალიან მარტივია – ამ ყველაფრის უკან დიდდი მონდომება დგას.
ანა ლეჟავა ბალეტით 9 წლის ასაკში დაინტერესდა. სხვა საქმიანობების კვალდაკვალ, მან საყვარელ საქმეს დიდი რესურსი „შესწირა“ და რამდენიმე წელში ამერიკიდან მიწვევაც მიიღო – ამ პერიოდიდან ის აგრძელებს ცეკვებს და შტატებში აკადემიურ დონეზე შეისწავლის მას.
მნიშვნელოვანია ის, რომ ქართული შტრიხების შეტანასა და შენარჩუნებაზე ის აქტიურად მუშაობს. „თბილისი თაიმსის“ მკითხველისთვის შეკითხვებს ანა თავად პასუხობს.
რა ასაკში და რატომ დაინტერესდით ბალეტით?
მრავალპროფილიანი გზა გავიარე ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ რადგანაც თქვენი ინტერესი ჩემმა ხელოვანის კარიერამ გამოიწვია, ვისაუბრებ ამ მიმართულებაზე.
პირველად, ქართული ცეკვით ვეზიარე ცეკვის ხელოვნებას. ბალეტი 9 წლის ასაკში ვიპოვე. სხვა დონის სირთულეებსა და გამოწვევებს გადავწყდი და ამიტომაც გადავწყვიტე ამ ხელოვნებისათვის ჩემი ბავშვობისა და ტინეიჯერობის პერიოდის დათმობა.
ამ მხრივ, ამერიკაში რა მიზნით წახვედით?
ამერიკაში 15 წლის ასაკში ბალეტის აკადემიაში ტრენინგის გასაგრძელებლად წავედი – ამერიკული მხარის მოწვევით.
რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ პროფესიულ მიღწევად?
ხოსე ლიმონის რეპერტუარის შესრულებას ნიუ იორკში – ჯოისის სცენაზე, ნიუ იორკში გიბნი დანსის სცენაზე ჯორჯ ბალანჩინის საღამოს ორგანიზებასა და სმეშვორქ დასის ადვოკატირების პროგრამის შექმნას.
ამ ეტაპზე, რას საქმიანობთ?
გარდამავალი პერიოდი მაქვს. მაგისტრატურის ტესტის ჩაბარების პროცესში ვარ. ქორეოგრაფიას ვაგრძელებ, თუმცა ჩემი ხელწერის ძიებაში ვარ ჯერ კიდევ. ვცდლობ ქართული ცეკვის ელემენტების გარდაქმნას თანამედროვე ცეკვის ესთეტიკაში. სმეშვორქ დასის დამფუძნებელი კომიტეტის წევრი და ადვოკატირების მრჩეველი ვარ. ჯერჯერობით, კოვიდის გამო, ზაფხულისა და შემოდგომის ცეკვის სეზონო გაუქმებულია და რამდენიმე პროექტი, რომელიც თბილისში უნდა განხორციელებულიყო, ასევე შეჩერებულია. თუმცა კარგი პერიოდია შემოქმედებითი რესურსის დასაგროვებლად.
ავტორი: მარიამ ტიელიძე