სამყარო ყოველდღიურად მიიწევს წინ – მიიწევს სიმარტივისა და კომფორტისკენ. სიმარტივე საჭიროა ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში. სწრაფი და სრულყოფილი კომუნიკაცია ქმნის ხარისხიან შედეგს. „აგროფეისი“ სოფლის მეურნეობის გაჯანსაღებას ემსახურება. ის ორიენტირებულია, ამ სფეროში ჩართულ ნებისმიერ რგოლს ჰქონდეს დროული ინფორმირებულობის საშუალება და საჭიროებები და გამოცდილება მაქსიმალურად სწრაფად ვრცელდებოდეს დაინტერესებულ მხარეებს/პირებს შორის. Agroface.ge-ის მულტიფუნქციური პლატფორმა და სოციალური ქსელი 2017 წელის გაზაფხულზე გაეშვა. იდეის ავტორები ნიკოლოზ ზაზაშვილი და ალექსანდრე ნოდია გახლავთ. პლატფორმის მიზნებსა და მისწრაფებებზე უფრო დეტალურად „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ერთ-ერთი იდეის ავტორი და ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტი/კონსულტანტი, ალექსანდრე ნოდია პასუხობს.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ დაარსებულიყო „აგროფეისი“?
XXI საუკუნეში, სულ რამდენიმე წელიწადში ადამიანის ცხოვრების სტილი იმაზე მეტად შეიცვალა, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა. ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ალბათ, ყველაზე ძლიერი ზემოქმედება საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა მოახდინეს.
სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ მიზნად დავისახეთ დარგისა და მასთან დაკავშირებული ყველა ადამიანის გამაერთიანებელი სისტემის შექმნა. დაგვებადა ისეთი აგროპლატფორმის შექმნის იდეა, რომელიც თავისი მულტიფუნქციური პლატფორმის საფუძველზე განავითარებს და განავრცობს აგრარულ სექტორს, მარტივად ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას მომხმარებლებისთვის დარგში არსებული საუკეთესო გამოცდილებისა და სერვისების შესახებ. ასევე, უზრუნველყოფს ფერმერთა დინამიურ და სწრაფ ზრდას, განათლების დონის ამაღლებას თანამედროვე მეთოდებით მომხმარებელზე მორგებული პერსონალური ვირტუალური სივრცით. ამ გამოწვევაზე ჩვენი პასუხი იყო პირველი მულტიფუნქციური პლატფორმა და სოციალური ქსელი – “აგროფეისი”!
რა მიზნებზე ხართ ორიენტირებული?
ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია როგორც დიდი გამოცდილების მქონე ფერმერებზე, სავაჭრო ქსელებზე, მომსახურების სფეროებზე, გადამამუშავებელ საწარმოებზე, სპეციალისტებსა თუ ექსპერტებზე, ასევე, დამწყებ ფერმერებზე, მცირე მეწარმეებზე, სპეციალისტებსა და სტუდენტებზე. სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ ყველა ადამიანს აქვს საშუალება, მიიღოს ბენეფიტი იმ ინსტრუმენტებისა და რესურსებისგან, რასაც მულტიფუნქციური პლატფორმა “აგროფეისი” გთავაზობთ.
Agroface.ge პლატფორმა არსებული ფუნქციონალის სრულფასოვანი გამოყენებისთვის, ასევე, სამუშაო სივრცის კომფორტულად ორგანიზებისთვის მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ რეგისტრაციაზე დაფუძნებულ წვდომას ისეთ რესურსებზე, რომლებიც დაეხმარება სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და პლატფორმაში არსებული რესურსების საქმიანობის სფერსოს მიხედვით გამოყენებაში.
ადამიანებს რა სერვისებს სთავაზობთ?
Agroface გარემო წარმოდგენილია არაერთი პრაქტიკული და აქტუალური ელექტრონული სერვისების, საინფორმაციო რესურსებისა და ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის ელექტრონული სივრცის სახით. სერვისები, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია აგროსექტორში ჩართული მხარეების ინტერესებსა და საჭიროებებზე, გამოიყურება შემდეგნაირად:
სწრაფი საკომუნიკაციო სერვისები – ესაუბრე ექსპერტს, კომუნიკაცია მომხმარებლებთან, ონლაინდახმარება;
მოქნილი საძიებო სისტემა – გამარტივებული და კომპლექსური ძიების ინსტრუმენტები;
პირადი პროფილი და სამუშაო სივრცე – როლები, საკომუნიკაციო არხები, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კედელი;
მოქნილი ელექტრონული სერვისები – კომუნიკატორი, აგროჯგუფები/გაერთიანებები, დასაქმება, ღონისძიებები, აგროკალენდარი, ვეტკალენდარი, ელ.მაღაზია.
დღესდღეობით, რა შედეგებს მიაღწიეთ?
15 000-მდე ვიზიტორი ყოველდღიურად, 300 000-მდე უნიკალური მომხმარებელი, ამ მაჩვენებლის მზარდი დინამიკა და არაერთი საინტერესო სამომავლო პროექტები სისტემის მეტად განვითარებისა და გამოყენებადობის გაზრდის მიზნით. დაგროვილი გამოცდილებისა და მომხმარებლების მხრიდან მიღებული გამოხმაურებების საფუძველზე, უახლოეს მომავალში გუნდი გეგმავს სხვადასხვა მიმართულებების მეტად განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს სისტემის აგროსექტორის ყველა რგოლში დამკვიდრება და გამოყენებას.
ავტორი: მარიამ ტიელიძე