ახალი სასწავლო წელი გარკვეულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ეს განსაკუთრებულად პირველკლასელებს ეხებათ. მიხდა ისე, რომ, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად, 6 წლის პატარებს დამატებით სხვა სირთულეებსა და გამოწვევებთან უწევთ დაპირისპირება – იმ მოცემულობებთან, რომლებსაც რამდენიმე თვეა, 2020 წელი და პანდემია „გვთავაზობს“.
ბოლო პერიოდში განათლების სისტემა, ყველა სხვა სისტემის მსგავსად, მუდმივ ცვლილებებსა და ახალ-ახალ გადაწყვეტილებებზე დგას. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა ის, რომ დიდ ქალაქებში სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში კიდევ ორი კვირით გადაიდო და მეცადინეობები კვლავ ონლაინ ტარდება. ცხადია, იმ ბავშვებისთვის, ვინც წელს პირველად უნდა ეზიაროს განათლების მიღების სქემას, რთულია, ისწავლოს შეზღუდვების ფონზე.
უფრო ზუსტად, რა გამოწვევების წინაშე დგანან პირველკლასელები, მათი მშობლები და მასწავლებლები? „თბილისი თაიმსი“ დაწყებითი კლასის პედაგოგს, მარინა გედეხაურს ესაუბრა.
როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ზოგადად, პირველკლასელებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ, რადგან ისინი ახალ გარემოს ეცნობიან და ეგუებიან. შესაბამისად, დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მათთან კონტაქტი დისტანციის დაცვით დაამყარო. როგორც გედეხაური ამბობს, მათ ამ ახლა ეტაპზე განსხვავებული სითბო და ყურადღება სჭირდებათ, რადგან ყველა დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ თითოეულ მათგანს ინდივიდური, მათ ხასიათსა და განწყობებზე მორგებული დამოკიდებულებები სჭირდება.
როგორც მარინა გედეხაური ამბობს, მას პირველივე დღეს ჰქონდა ემოციური შემთხვევები, როდესაც პირველკლასელები უფრო მეტ სიახლოვეს საჭიროებდნენ და ითხოვდნენ კიდეც. პედაგოგი დასძენს, რომ მომდევნო კლასების ბავშვებისთვის ეს პროცესი ნაკლებად რთულია, რადგან მთავარ – გაცნობით ეტაპს უკვე ჩავლილი აქვს.
საერთო სურათი რომ შევაფასოთ, ის ასე გამოიყურება – საბოლოოდ, წლევანდელ სასწავლო წელს, ასე თუ ისე, მაინც არაერთი დაბრკოლება ახლავს. მათთვის კი, ვინც წელს პირველად შეაბიჯა საკლასო ოთახში, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო როგორც მშობლების, ისე – პედაგოგების მხრიდან. უკვე პირველი ოქტომბრიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესი აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს, ცხადია – შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, რათა, უპირველესად, დაცული იყოს ადამიანი და მისი ჯანმრთელობა.
სტატია მოამზადა : მარიამ ტიელიძე