მსოფლიო ქვეყნებს ეკონომიკისა და სხვა დარგების სიძლიერის საკუთარი მეთოდები აქვთ. ისინი ყიდიან და ყიდულობენ, ცვლიან, აწარმოებენ და ვაჭრობენ. საქართველოს, საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს გარკვეული სახეობის პროდუქცია, იქნება ეს ხილი, ბოსტნეული, მარცვეული, კენკროვანი თუ სხვ. თუმცა, რიცხვებსა და ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს რომ დავწეყრდნოთ, რა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქცია გააქვს და შემოაქვს საქართველოს? საკითხზე “თბილისი თაიმსს” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, იოსებ არჩვაძე ესაუბრა.
საქართველოში აგროსასურსათე პროდუქციის იმპორტი ბევრად აღემატება ექსპორტს?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამხრეთული ქვეყანა ვართ, ამ მხრივ, საქმე მოსაწონად ნამდვილად არ გვაქვს. მთლიანად რომ ავიღოთ აგროსასურსათე პროდუქცია – რადგან ზოგიერთი პროდუქტი გამოიყენება ნედლეულად. შემდგომი გადამუშავების მიზნით – ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი პროდუქტი შემოგვაქვს, ვიდრე – გაგვაქვს. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ეს რიცხვი შემცირდა. მაგრამ იყო ეტაპი, როცა ეს სხვაობა 700 მილიონ დოლარს შეადგენდა.
შარშან 356 მილიონი დოლარით მეტი პროდუქცია შემოვიტანეთ, ვიდრე – გავიტანეთ. ამაში იგულისხმება როგორც მეცხოველეობის პროდუქცია, ისე – მარცვლეული და ა.შ.
ადგილობრივი წარმოებისთვის რამდენად კარგი ნიადაგია საქართველოში?
გარკვეული პროდუქტების წარმოების კარგი პირობები გვაქვს საქართველოში, მაგალითად, ლობიო, ხახვი, ნიორი, კარტოფილი და ა.შ. ამიტომ, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს, რომ გავზარდოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მოყვანა. თუ პირველ ხანებში ვერ შევძლებთ, რომ დადებითი სავაჭრო ბალანსი გვქონდეს აგროსასურსათე პროდუქტების შემთხვევაში, ნულოვან ბალანსზე მაინც უნდა გავიდეთ – რაც ნიშნავს, რომ ის 356 მილიონი დოლარი, რომელიც შარშან ქვეყნიდან გავიდა იმისთვის, რომ სურსათი შემოგვეტანა, ის დარჩება ქვეყანაში და მოემსახურება ეროვნული ვალუტის გამყარებას.
რა მოქმედებაა საჭირო, ამ მხრივ, ეკონომიკის გაძლიერებისთვის?
ეს ყველაფერი ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივ კავშირშია. ჯაჭვის სიმყარე განისაზღვრება მასში ყველაზე სუსტი რგოლის სიმყარით. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ არა იმდენად სეგმენტური, არამედ სისტემური წარმატებისკენ ავიღოთ ორიენტაცია. ეს შესაძლებელია ეკონომიკის ყველა დარგის სათანადო ყურადღებით.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ