ჩვენი ქვეყანა, საქართველო მთელს მსოფლიოშია აღიარებული, როგორც ყურძნისა და ღვინის სამშობლო. ვენახები გაშენებულია სრულიად საქართველოში. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველო ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეულია. მაგრამ თითოეულ რეგიონს ჩვენთან აქვს მისთვის დამახასიათებელი ჯიშის ყურძენი, რაც ნიშნავს იმას, რომ კავკასიის ეს პატარა ქვეყანა ღვინის მრავალფეროვანი არჩევნით გამოირჩევა.
მიმდინარე პერიოდი ზუსტად ის ეტაპია, როცა შემოდგომის ყოველი დღე ყურძნის კრეფის განსაკუთრებულ პროცესს ეძღვნება, რომელსაც ჩვენთან “რთველს” უწოდებენ. ის ყველასთვის თანაბრად სახალისოა – განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ ეროვნებისა. ამ დროს ყველა იმ მოვალეობას ასრულებს, რომელიც მას ხვდა წილად. რთველს წინ საკმაოდ დიდი მოსამზადებელი ეტაპი უძღვის.
ყურძნის კრეფა, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია. ეს არის პროცესი, რომელსაც ერთი სრული დღე ეძღვნება, ამ დღის ლოგიკური დასასრული კი ძველი ქართული სიმღერები, უძველესი ამბების გახსენება და, ცხადია, ქართული სუფრაა. კახეთი, რომელიც საქართველოში მეღვინეობით კიდევ უფრო გამორჩეულია, რთველს კიდევ უფრო მეტი მოლოდინით მასპინძლობს. როგორც წესი, აქ იყრის თავს თითქმის მთელი საქართველო – იკრიბებიან ნათესავები, ერთმანეთს ნახულობენ დიდი ხნის უნახავი ახლობლები, ადამიანები იცნობენ ერთმანეთს, უმეგობრდებიან და ერთად უძღვებიან ამ მნიშვნელოვან დღეს.
მწიფე მტევნები, კრეფას მოწყურებული პატარები, კაცები წურვის პროცესში, მკრეფავი ქალები, დამხმარე მეზობლები, ცნობისმოყვარე მეგობრები და ა.შ.- წვიმიანი შემოდგომის რთველის ჩვეული სანახაობაა. ანუ მოვლენა, როდესაც ადამიანები ხალისით უვლიან რიგებს.
გარდა იმისა, რომ ეს ქართველებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, არანაკლებ ინტერესს უცხოელებიც იჩენენ. ჯერ ერთი, მათ ქართული ღვინის მიმართ განსაკუთრებული და მოკრძალებული დამოკიდებულება აქვთ, თვითონ დაწურვის პროცესი მათთვის რამდენად ემოციურია, ამაზე, ალბათ, ჩვენ ვერც კი ვისაუბრებთ.
ყოველ მომდევნო წელს რთველს საქართველოში გრანდიოზული ისტორიის კიდევ ერთი წელი ემატება. საქართველოსთვის ის არის მოვლენა, რომელიც განსაკუთრებულს გვხდის მთელს მსოფლიოში. ქართული ყურძნის მიმართ ინტერესი მზარდია ისევე, როგორც მზარდია მისი როლი ქართული კულტურის განვითარებასა და მისი ფესვების სიმყარისთვის. სხვა თუ არაფერი, ქართველ შემოქმედებს რამდენი უთქვამთ ყურძენზე, რამდენჯერ შეუქიათ სავსე მტევნები…
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ