ახალგაზრდების მიერ წარმატების მოსაპოვებლად მრავალი შრომაა საჭირო. ისახება მიზანი, ამოცანები და მიზნის მისაღწევად ხშირად საჭიროა შეეჭიდო ცხოვრებას და მრავალი ნაბიჯი გადადგა წინ, ისე, რომ უკან არ დაიხიო. საქართველოში ბოლო დროს ახალგაზრდული აქტივობები უფრო აქტიურ ფაზაშია ვიდრე არასდროს და ამ აქტიურობაში იკვეთებიან ახალგაზრდა ლიდერები, რომელთაც საშუალება ეძლევათ ცხოვრების კიდევ უფრო რთულ წინაღობებს შეეჭიდონ და წარმატება მოუტანონ საკუთარ თავს და ქვეყანას. ამით ისინი ყალიბდებიან პიროვნებებად, მომავლის შემქმნელებად და ახალგაზრდული პოლიტიკის შემოქმედებად. ახალგაზრდული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ ,,ქართველი ახალგაზრდების ელჩი გაეროში“ – თორნიკე ზურაბაშვილი, რომელმაც ,,თბილისი თაიმსს“ ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა და საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც მის გზავნილს ეხება გაეროში საქართველოდან.
მოგესალმებით თორნიკე, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი. რას საქმიანობთ?
მე გახლავართ თორნიკე ზურაბაშვილი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ნება მომეცით, ორიოდე სიტყვით უფრო ახლოს გაგეცნოთ.
დავიბადე 1989 წელს ქალაქ გორში. 2007-2011 წლებში ვსწავლობდი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე. 2012 წლიდან კი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ვარ. სხვადასხვა დროს, გაცვლითი პროგრამებით ვსწავლობდი ჯერ აშშ-ში, მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამა – FLEX-ის ფარგლებში; მოგვიანებით, ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის პრომეთეუსის პროგრამაზე; შემდგომ, ჩეხეთში, პოლიტიკის და ეკონომიკის ამერიკული ინსტიტუტი – AIPES-სა და ჯორჯტაუნის შედარებითი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ინსტიტუტი – ICPES-ს სასწავლო კურსებზე. 2013 წელს მოვიპოვე სან დიეგოს უნივერსიტეტის ჰანსენის საზაფხულო ინსტიტუტის სტიპენდია.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, გავლილი მაქვს სტაჟირებები საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა ამერიკულ საბჭოში და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში. ამავდორულად, დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩართული ახალგაზრდულ ღონისძიებებში. 2008-2012 წლებში მონაწილეობა მივიღე ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 25-მდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებაში და ორგანიზაციის ადგილობრივ დონეზე განვითარებაში შევიტანე საკუთარი წვლილი.
რას გვეტყვით უფრო კონკრეტულად პროექტის შესახებ ,,საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“?
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და სხვადასხვა კომისიებში ახალგაზრდების ჩართვა ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსით – გაეროში ახალგაზრდობის მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმატია.
საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდობის წარმომადგენელის პროგრამას გაეროს ახალგაზრდობის ცენტრი უწევს კოორდინაციას, ხოლო ეროვნულ დონეზე – ახალგაზრდობის წარმომადგენლებს გაეროს წევრი სახელმწიფოები არჩევენ.
ეროვნულ დონეზე კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში, სადაც მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში.
როგორ შეირჩა თქვენი კანდიდატურა, როგორც ქართველი ახალგაზრდების ელჩი გაეროში?
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი ერთი წლის ვადით ირჩევა. აღნიშნული პროგრამა საქართველოში 2012 წელს დაარსდა და პირველ წარმომადგენლად გიორგი ჭეხანი შეირჩა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 18-იდან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
2013/14 წლებში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ღია შესარჩევი კონკურსი სპეციალურმა კომისიამ ჩაატარა. შერჩევის პროცესი სამ ეტაპად ჩატარდა: თავდაპირველად, კონკურსანტებმა წარმოადგინეს განაცხადი, შემდგომ შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდა გასაუბრება; კონკურსის ბოლო ეტაპზე, გამარჯვებული საჯარო გამოსვლის შედეგად გამოვლინდა. შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, 2012/13 წლებში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წამომადგენელი.
რა არის თქვენი მისია გაეროში და რა გზავნილი ჩაიტანეთ საქართველოდან?
წლეულს, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანას ყავს ახალგაზრდობის ელჩი, რომლებსაც საკუთარი და სხვა ქვეყნების დიპლომატებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩემი სტუმრობა 7-21 ოქტომბერს შედგა. ამ ხნის განმავლობაში, სხვა ქვეყნების დიპლომატებთან ყოველდღიურად ვესწრებოდი გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის მოსმენებს და ქართველი ახალგაზრდების სახელით სიტყვით გამოვედი ამავე კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაცია შევაჯამე და ვისაუბრე ბოლო დროს ოკუპაციის ზოლთან მიმდინარე პროცესების შესახებ. გამოსვლის ჩანაწერის სანახავად ეწვიეთ მითითებულ მისამართს (http://www.youtube.com/watch?v=U6z54xTY2k4).
ჩემი მანდატი ასევე ითვალისწინებდა ახალგაზრდობის პოლიტიკის და პროგრამების შესახებ გაეროს დადგენილების შემუშავებაში მონაწილეობას. დადგენილება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ფარგლებში განიხილება და მისი ტექსტი, წლეულს სენეგალმა, პორტუგალიამ და მოლდოვამ, ერთობლივად წარუდგინეს მესამე კომიტეტს. ამჟამად, მიმდინარეობს წევრი ქვეყნების მოლაპარაკებები ტექსტში შესატანი ჩასწორებების და დამატებითი წინადადებების თაობაზე. მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ტექსტს კენჭი ეყრება მესამე კომიტეტის სხდომაზე. აქამდე გაიმართა 10-მდე მოლაპარაკება და მასში წევრი ქვეყნების მისიებში მომუშავე დიპლომატები (გამონაკლის შემთხვევებში ახალგაზრდობის წარმომადგენლები) იღებენ.
ჩემს როლს რაც შეეხება, მოლაპარაკებებში საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი და წარვადგინე ტექსტის ორ შესწორება და ახალი წინადადებები მოხალისეობის, “თავისუფალი” დროის, დემოკრატიული სამოქალაქო განათლების და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოების შექმნის შესახებ. წინადადებების წარგენისას საფუძვლად გამოვიყენე საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებები, ხოლო მოლაპარაკებებში მოსაზრებებს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში დასახელებული არგუმენტებით გავამყარე.
ამასთანავე, ნიუ იორკში ყოფნისას დავესწარი 10-მდე არაოფიციალურ და ოფიციალურ ღონისძიებას ახალგაზრდობის საკითზებზე, მათ შორის შევხვდი გაეროს გენერალური მდივნის ემისარს ახალგაზრდობის საკითხებში აჰმად ალენდავის და გენერალური მდივნის მოადგილე იან ელიასონს.
რა თემაზე იყო თქვენი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა?
ჩემი გამოსვლა, გაეროს მესამე კომიტეტის სხდომაზე 8 ოქტომბერს შედგა.გამოსვლა 7 წუთის განმავლოვაში მიმდინარეობდა და იგი პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ; პირველ ნაწილში თავი მოვუყარე იმ მიღწევებს რაც საქართველოს აქვს ახალგაზრდულ სფეროში და ასევე ვისაუბრე იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც ახალგაზრდების მოსაზრებით დამატებით მუშაობას საჭიროებენ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ვისაუბრე დევნილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების მდგომარეობაზე და დამსწრეებს ვაუწყე, რომ მათი გადაადგილების, საკუთრების, განათლების, კულტურული და სხვა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.
როგორი იყო სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა რეაქცია თქვენს სიტყვით გამოსვლაზე?
ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან საუბარზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა რომ გამოსვლას ცალსახად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ბუნებრივია, უკმაყოფილო დარჩნენ რუსეთის დიპლომატები, რომლებმაც კომიტეტის წესდებაზე დაყრდნობით “პასუხის უფლება” გამოიყენეს და გამოსვლას კომიტეტის დასასრულს საკუთარი კომენტარით უპასუხეს. მსგავსი გამეორდა, მომდევნო დღეებში საქართველოს დიპლომატიური მისიის სხვა წევრების გამოსვლებისასაც.
რას ფიქრობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოზე?
არ დაგიმალავთ, ბევრი მათგანისთვის საქართველო ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანაა. ნაწილისთვის, კი ჩვენი ქვეყანა კონფლიქტებთან ასოცირდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ამ ადამიანებს და გავაგებინოთ, არა მხოლოდ ჩვენი ხედვა კონფლიქტებთან დაკავშირებით არამედ ისეთ თემებზეც, როგორიცაა ახალგაზრდების მდგომარეობა მსოფლიოს მასშტაბით.
რამდენად აქვთ რეაგირება უფროს წარმომადგენელებს გაეროში ახალგაზრდების მოსაზრებებზე და რა უფლებამოსილებანი გაკისრიათ თქვენ, როგორც დელეგატებს გაეროს წევრი ქვეყნებიდან?
ახალგაზრდა დელეგატების მიმართ ზრდასრულების დამოკიდებულება ძირითადად დადებითია, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს ალტერნატიული მოსაზრებაც.
ზოგადად, გაეროს მესამე კომიტეტში საუბრისას ძალზედ იშვიათია გამოსვლაზე ტაშით გამოხმაურება, თუმცა ახალგაზრდების დელეგატებს ზრდასრული დიპლომატები ყოველთვის ტაშით ხვდებიან.
რა გეგმები გაქვთ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, როგორ აპირებთ ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობას?
შეხვედრები ჩემი ნიუ იორკიდან დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდება, თუმცა უფრო ნაკლები სიხშირით. ვაპირებ, რამდნენიმე უნივერსიტეტს ვეწვიო და იქ გავმართო სალექციო ტიპის შეხვედრები. ასევე, არსებობს რეგიონებში ხელახლა სტუმრობის გეგმაც. რა თქმა უნდა ყოველთვის მზად ვარ, ამ მხრივ შემოთავაზებებიც მივიღო ახალგაზრდებისგან.
რაც შეეხება ყოველდღიურ კომუნიკაციას, ამ მხრივ აქტიურად ვიყენებ ჩემს Facebook გვერდს https://www.facebook.com/UNyouthgeorgia. ვმუშაობ, ვებ გვერდზეც, სადაც უფრო სტრუქტურულად და დალაგებულად იქნება პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსებული.
რა ღონისძიებები იგეგმება თქვენი მანდატის ამოწურვამდე?
როგორც მოგახსენეთ, მანდატის ამოწურვამდე ვაპირებ ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრების გაგრძელებას. შეხვედრებს ორი მიზანი ექნება: ერთის მხრივ ვაპირებ გაეროში მიღებული გამოცდილება გავუზიარო ხოლო მეორე მხრივ, მსურს რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას ვაცნობო, რომ ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს ახალგაზრდობის ელჩი.ახალი წარმომადგენლის შერჩევის პროცედურების დაწყება მარტში იგეგმება და მაისის თვემდე გასტანს.
ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და ბოლოს რას ეტყოდით ქართველ ახალგაზრდებს, რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ და მოუწოდოთ?
ქართველ ახალგაზრდებს XVI-XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მოღვაწის ფრანსის ბეკონის სიტყვით დავემშვიდობები: “ახალგაზრდები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გამოიგონონ ახალი ვიდრე მხოლოდ სხვები შეაფასონ; გააკეთონ უფრო მეტი ვიდრე ურჩიონ; წამოიწყონ ახალი ვიდრე უკვე სტაბილურ საქმეს დასჯერდნენ”.
30.10.13
გიორგი ჩუბინიძე
Discussion about this post