სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე ფასი 42,34%-ით გაიზარდა. რა გახდა ფასის მატების მიზეზი? რა პროცესებია მოსალოდნელი? რა ხდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ?
ძვირფასი ლითონების ექსპერტი, ირმა მოსიაშვილი “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს პასუხობს.
ოქროზე ფასის მატება ჩვენი ქვეყნის ფარგლებშიც შეინიშნება?
მატება მარტო საქართველოში არაა. მატება არის მსოფლიოში, რის შედეგადაც საქართველოშიც თავისთავად მოიმატა ყველა სინჯის ოქრომ. საერთოდ, ბოლო წლებია, ძვირფას ლითონებზე ფასის მატებაა, ეს არ შეეხება მარტო ოქროს. ფასის მატებაა ვერცხლზე, პლატინაზე, პალადიუმზე და ასე შემდეგ.
პანდემიამდე საქართველოში ერთი გრამი 585 სინჯის ოქრო იყიდებოდა 80 ლარში ჯართის სახით – მარტის თვეს ვგულისხმობ. ამ სინჯის ღირებულება არის ათვლის წერტილი ყველა სინჯის.
ივნისის თვიდან, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები შესუსტდა, დღემდე კატასტროფული მატებაა ოქროს ფასის. დღეს ჯართის ღირებულება 585 სინჯის ოქრო არის 108 ლარი. ამის შესაბამისად, მოიმატა ყველა სტანდარტმა, თავისთავად. დღეს 585 სინჯის ნაკეთობების ერთი გრამის ფასი 135 ლარიდან ზევითაა, გააჩნია, რა ნაკეთობააა.
მყიდველის აქტიურობაზე რას გვეტყვით?
მყიდველის აქტიურობამ, რა თქმა უნდა, იკლო.
რა პროგნოზების გაკეთებაა შესაძლებელი?
პროგნოზს რაც შეეხება – თუ არ მოიმატებს ფასი, დაკლებით ნამდვილად აღარ დაიკლებს. შეიძლება, დროებით ეს ფასი შენარჩუნდეს, მაგრამ არაა გამორიცხული, მატებაც მალე მოხდეს.
ცნობისთვის, ოქროს ბეჭედი ერთ-ერთია იმ ხუთ პროდუქტს შორის, რომელიც წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ