ნიკუშა მანაგაძეს უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობს. ამ ადამიანებმა იციან, რომ კულინარიას მის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ის ჯერ 18 წლის არის, თუმცა, საკმაოდ წარმატებული წლები აქვს განვლილი. არის არაერთი მოცემულობა, რაც მის შესახებ ცნობილი არაა.
“თბილისი თაიმსი” ნიკუშას პერსონას გთავაზობთ, სადაც მის შესახებ ბევრს გაიგებთ.
12 წლის მანძილზე სწავლობდა ინგლისურ ენაზე, ინტერნაციონალურ გარემოში.
“ახალ სკოლაში” მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება ძალიან ბევრი მიმართულებით. დავამთავრე აიპი, ანუ ინტერნაციონალური ბაკალავრიატის პროგრამა. ეს პროგრამა ერთერთია ყველაზე რთულად ჩასაბარებლებს შორის. ეს იმიტომ, რომ, გარდა საგნების ჩაბარებისა, საჭიროა სხვადასხვა აქტივობისა და დავალების შესრულება.
შემდგომ უკვე ავიღე დიპლომი და ჩავაბარე შვეიცარიაში. პარალელურად, ვსწავლობდი იტალიურ, ესპანურ ენებს. საინტერესო არის ის, რომ ჩვენს სკოლაში კონკრეტულად საქართველოს ისტორია არ ისწავლება. მე გადავწყვიტე, მესწავლა ის. ასევე, ძველი აღთქმა. გავდიოდი ერუდიციის კურსებს, რაც ძალიან დამეხმარა ბევრი კუთხით.
დღესდღეობის ვსწავლობ ბიზნესადმინისტრირება-მენეჯმენტზე შვეიცარიაში, კერძოდ, ჟენევაში. ონლაინგაკვეთილები ტარდება, ამ ეტაპზე, რაც საკმაოდ რთულია.
კიდევ რა მიმართულებებით ხარ დაინტერესებული?
გარდა ამისა, ვუკრავ ფორტეპიანოზე. 11 წლის მანძილზე ვუკრავდი. დავამთავრე “ნიჭიერთა ათწლედი”. გამოვდიოდი სხვადასხვა კონკურსზე, იყო ეს გერმანიაში, საფრანგეთში თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩემი მშობლები ძალიან მუსიკალურები არიან და გადაწყვიტეს, მეც შევეყვანე. თავიდან, სხვა ბავშვების მსგავსად, არც მე მინდოდა. წლები რომ გავიდა, მივხვდი, კარგი იყო, რადგან იმპროვიზაციის შესაძლებლობას იძლეოდა.
სპორტის რომელიმე სახეობაში თუ გამოგიცდია საკუთარი თავი?
პარალელურად, ვთამაშობდი რაგბს. დავიწყე, დაახლოებით, 11 წლის ასაკიდან. ვთამაშობდი კლუბ “აკადემიაში”. შემდეგ გადავედი კლუბ “ლელოში”. საქართველოს გარდა, ვიყავი ახალ ზელანდიაში, რომელიც რაგბის ქვეყანაა. ასევე, მაქვს მოგებული საქართველოს ლიგა. ეს პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან ბევრი ოცნებობს, რომ ლიგა მოიგოს.
კულინარიის შესახებ მესაუბრე – დიდი ხანია, რაც დაინტერესდი?
კულინარიით არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული. მოხდა ისე, რომ რაგბის გამო მივიღე ტრავმა. უნდა მენახა რაღაც აქტივობა, რაც თავისუფალ დროს შემივსებდა და სიამოვნებას მივიღებდი. ეს სფერო აღმოჩნდა კულინარია. ჩემს მშობლებს აქვთ საკონდიტრო ნედლეულის დისტრიბუცია მთელს საქართველოში. მათ ჩამოყავთ შეფები სხვადასხვა ქვეყნიდან და ატარებენ მასტერკლასებს. დავესწარი და დამაინტერესა კონდიტერიამ. ამასთან, მივხვდი, რომ მხოლოდ კონდიტერია არ მაინტერესებდა. ახლა ვფიქრობ, რომ კონდიტერია შემოვიყვანო კულინარიაში.
სამზარეულოსთან დაკავშირებით სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
რა მიმართულებითაც მე ახლა ვსწავლობ, მინდა, რომ გამოვიყენო და კაფე ან რესტორნები გავხსნა. ეს სამომავლო გეგმაა და ჯერ სწავლა-განვითარებაზე ვფიქრობ. კულინარიაში მუდამ სიახლე და განვითარებაა. ამიტომ, ბევრია სასწავლი. შეიძლება, არ ვიცოდე ერთი კონკრეტული კერძის მომზადება, მაგრამ ჩემი იმპროვიზაციით შესაძლოა, რამე კარგი შევქმნა.
ქართულ სამზარეულოზე რას გვეტყვი?
ძალიან მიყვარს ქართული და უცხოური სამზარეულოს შერწყმა. შესაძლოა, ქართულისა და ფრანგულის შერწყმა გააკეთო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართულს კარგავ ან არ აფასებ. ბევრ ქართველს ეს არ მოსწონს, რაც, ვფიქრობ, არასწორია.
ტექნიკებს რამდენად კარგად ფლობ?
მე ვატარებ მასტერკლასებს საკონდიტრო მიმართულებით. ვასწავლი სხვადასხვა რეცეპტს და ეს ძალიან მომწონს, ჯერ 18 წლის ვარ, ბევრი რაღაც თვითონ ვისწავლე. ჩემი საყვარელი ტექნიკა, რასაც კონდიტერიაში ვიყენებ, არის ის, რომ როდესაც მე სტუმარს ლიმონის დესეტრით ვუმასპინძლდები, ამ დესერტს აქვს ლიმონის ფორმა. ასეა სხვა ფორმების შემთხვევაში. ტოპშეფებს აქვთ გამოგონოლი სხვადასხვა ფორმა. რაც არ არის გამოგონილი, ეს ტექნიკა მე მოვიგონე და ვიყენებ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ