სოციალურ ქსელში ფოტოები და ინფორმაციები ვრცელდება ახალი, საინტერესო, მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომლის სახელწოდებაცაა “გაიცანი შენი თბილისი”. პროექტი აერთიანებს ღირებულ იდეებს.
რაზეა ის ორიენტირებული? დეტალებზე “თბილისი თაიმსს” ირმა კოდუა, “გრატა დიემსის’’ გენერალური დირექტორი ესაუბრა.
რის გამო გაგიჩნდათ იდეა, ორგანიზება გაგეწიათ ამ ტიპის ტურებისთვის?
თბილისი, როგორც ტურისტული ქალაქი, გამორჩეულია თავისი სილამაზითა და განსხვავებული ლანდშაფტით. დედაქალაქის მდიდარი და უნიკალური კულტურა, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებრივი სიმდიდრეები მას ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად აქცევს. თბილისის ისტორიული და მდიდარი კულტურული ღირებულებების შესახებ საქართველოს ბევრმა მოქალაქემ არ იცის. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშნველოვანია ყველა ქართველმა უკეთ გაიცნოს საკუთარი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები.
გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას, რადგან შეწყდა მობილობა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. გარდა იმისა, რომ პანდემიამ ეკონომიკური ზარალი თითქმის ყველა ბიზნეს სექტორს მიაყენა, ადამიანების ემოციური ფონი დაამძიმა.
უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ის?
პროექტი „გაიცანი შენი თბილისი“ გულისხმობს თბილისში უნიკალური და საავტორო ერთ დღიანი, საფეხმავლო ტურების შეთავაზებას თბილისის უკეთ გასაცნობად საქართველოს მოქალაქეებისთვის და აქ მცხოვრები უცხოელებისთვის. ტურებს წარუძღვებიან სერტიფიცირებული მეგზურები, ქართულ და ინგლისურ ენაზე, კოვიდწესების დაცვით.
უცნობი და ნაცნობი ძველი თბილისის ტური, თბილისის კოლორიტები, ახალი ორბელიანი, ახალი პლეხანოვი – ამ და სხვა საავტორო ტურებით პროექტი წვლილს შეიტანს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციაში ადგილობრივ დონეზე და სექტორის მხარდაჭერაში.
ტურის საფასური ერთ ადამიანზე 20 ლარია, რომელიც სრულად მეგზურის ანაზღაურებაა.
პროექტი „გაიცანი შენი თბილისი“ ერთი მხრივ ორიენტირებული პანდემიის პირობებშიც კი წარმოვაჩინოთ თბილისის მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა და მეორე მხრივ ხელი შევუწყოთ დარგს და მეგზურის პროფესიის გადარჩენას, რადგან მეგზურის პროფესია პანდემიის გამო არამოთხოვნადი გახდა და ამ პროფესიის არსებობა სამომავლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღეს მეგზურები, რომელთა რიცხვი მხოლოდ თბილისში 4000 ადამიანს მოიცავს შემოსავლის გარეშე დარჩნენ და იძულებულები არიან შეიცვალონ პროფესია.
წარმატებულია პირველი ნაბიჯები?
ჩვენი სურვილია მაქსიმალურად ბევრი მონაწილე ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში და გადავარჩინოთ მეგზურის პროფესია.
ამ მოკლე დროში პროექტი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. ბევრი მსურველი გამოჩნდა რომელთაც თბილისის უკეთ გაცნობა სურთ და ამავდროულად აქვთ სურვილი საკუთარი წვლინი შეიტანონ ტურიზმის აღდგენაში. ძალიან გვახარებს ეს ფაქტი და უფრო მეტ სტიმულს გვაძლავს. აქედან გამომდინარე ვგეგმავთ, რომ მხოლოდ თბილისით არ შემოვიფარგლოთ და პროექტი გავრცელდეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა, რაც შეიძლება მეტი მეგზურის ჩართვა და ასეთ რთულ ვითარებაში გარკვეული პოზიტიური ეფექტის შექმნა როგორც მათთვის ასევე სრულად ტურიზმის სექტორისთვის.
ვფიქრობ პროექტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შემოგვიერთდნენ, რათა ერთად გამოვაცოცოხლოთ ადგილობრივი ტურიზმი!“
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძე