“საქართველომ მოსახლეობის ნებით “ლოქდაუნზე” უარი თქვა, თუმცა ამის გამო კორონავირუსის შემთხვევების მატების წინაშე დადგა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებლები.. როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, ნოემბრის ბოლომდე შეიძლება ეს ზრდა გაგრძელდეს და ნოემბრის ბოლოსთვის ახალი შემთხვევების რიცხვი 3000-სს გადაცდეს. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას, ჯანდაცვის სექტორს და პირველ რიგში, კლინიკურ სექტორს, რადგან ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა კლინიკური სექტორისთვის პირდაპირი დატვირთვაა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყნებმა მასობრივი გავრცელება თავიდან აირიდონ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი “ლოქდაუნი”, ხოლო საქართველომ ამაზე უარი თქვა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.
„საქართველომ (მთავრობამ) მოსახლეობის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან მოქალაქეები “ლოქდაუნის” მიმართ ძალიან ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი. ასევე, “ლოქდაუნი” აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკურ პრობლემებს, ეკონომიკის რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ასევე, საარჩევნო პროცესს არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი. საქართველომ გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი, უარი თქვა “ლოქდაუნზე”, თუმცა ამან გაზარდა გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
“ლოქდაუნით” ეს გამოწვევები გაცილებით ადვილად დაძლევადია. საქართველომ რომ გამოაცხადოს “ლოქდაუნი”, გაცილებით იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, ხოლო არგამოცხადების შემთხვევაში, მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ სერიოზულ გამოწვევებს. “ლოქდაუნის” არგამოცხადების პირობებში უნდა გავაკეთოთ ისე, რომ მთელი მოსახლეობის, მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია უნდა მოხდეს და მკაცრად შესრულდეს რეკომენდაციები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მან პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღეს ხალხმრავალ შეკრებებს არავითარი გამართლება არ აქვს. ამასთან, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ დღეს შეფერხებების მიუხედავად, კორონავირუსის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მართვადია.