ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის ისეთი უნიკალური პოემა, როგორიც „ვეფხისტყაოსანია“. თითოეული ქართველი ამაყობს მისი შინაარსით, რომელის მსოფლიომ დააფასა. აღნიშნულ ნაწარმოებში არაერთი საკვანძო საკითხია ასახული. იქედან გამიმდინარე, რომ ის შესაბამისი პერიოდისთვის დამახასიათებელი ქართულით არის დაწერილი, დღეს საკმაოდ რთული გასაგებია. მეტიც, სკოლის მოსწავლეებისთვის შესაძლოა, ძირითადად, გაუგებარიც კი იყოს.
„ვეფხისტყაოსნის“ მობილური აპლიკაცია სწორედაც რომ პოემის გამარტივებასა და მაქსიმალურ გააზრებაზეა ორიენტირებული. საინტერესოა და, ამავდროულად, სასარგებლო. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი პასუხობს.
უფრო დეტალურად, რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?
ჩვენმა ჯგუფმა შექმნა ,,ვეფხისტყაოსნის,, მობილური აპლიკაცია. ის გულისხმობს „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ უფრო პოპულარიზებას საინფორმაციო-კომუნიკაციურ ეპოქაში.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ შეგერჩიათ?
„ვეფხისტყაოსანი“ არ არის სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ჩვეულებრივი ტექსტი. ის ქართველების „წიგნთა წიგნია“, ამასთან, ის შუასაუკუნეების ძეგლია, შესაბამისად, ახალგაზრდებს უჭირთ ტექსტის სრულყოფილად გაგება, აღქმა, ანალიზი. ჩვენი აპლიკაციის უმთავრესი მიზანიც ისაა, რომ გაუადვილოს, გაუმარტივოს ახალ თაობას შოთა რუსთაველის პოემის შესწავლა.
რა აუდიტორიაზე ხართ ორიენტირებული?
სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და პოემით დაინტერესებული ყველა ადამიანები.
რა სიახლეებს ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?
მომავალში აპლიკაციას ბევრი ფუნქცია დაემატება, მათ შორის, ინტერნეტის გარეშე ფუნქციონირება, თეთრი თემა აპლიკაციისთვის და widget-ები.
აპლიკაციის გამოსვლას დიდი ინტერესით გამოეხმაურნენ ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებიც და გვთხოვეს უცხოეთის ნომრით დარეგისტრირების ფუნქციის დამატება, რაზეც ვმუშაობთ.
მომავალში აპლიკაცია შინაარსობრივადაც გამდიდრდება. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ მომხმარებელზე, აპლიკაციას მათთან მუდმივი უკუკავშირი აქვს და, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ