იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა. საუბარია, საჩხერის მეორე საჯარო სკოლაზე, რომელმაც ეს აღიარება სკოლაში დანერგილი ინოვაციური მეთოდების საფუძველზე მიიღო.
სკოლის დირექტორი ლიკა გომართელი ამბობს, რომ ეს დამსახურებული აღიარებაა, რომელიც დიდი შრომის შედეგად მიიღეს.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება და ამის საშუალებით ჩვენი მოსწავლეები ინჟინერიის, ფიზიკის, ქიმიის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში გავაკეთეთ „მშობელთა სკოლა“. შევისწავლეთ მშობლების საჭიროებები და სხვადასხვა თემატიკაზე უტარდებათ ტრენინგ-სემინარები. გარდა ამისა, მოსწავლეებს გლობალური მიზნების მიღწევის გზებს ვასწავლით. სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ, მაგალითად: რა შეიძლება გააკეთონ გარემოს დასაცავად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად და ა.შ.“- ამბობს ლიკა გომართელი.
პროფესიულ სწავლებასთან ერთად საუკეთესო სკოლების ასეულში მოსახვედრად მათ სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომები, უცხო ენების საგნების სწავლების ეფექტიანი მეთოდები დაეხმარათ.
სკოლის დირექტორის, ლიკა გომართელის თქმით, მსოფლიო სკოლების ასეულში მოხვედრა მათი სკოლის მოსწავლეებისთვის სამომავლო წარმატებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.