ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
გაბუნიას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ჰქონდა ინფორმაცია 12 წლის მოზარდზე, რომელსაც ჟურნალისტის თქმით თანხმლები დაავადებები ჰქონდა. გაბუნია აცხადებს, რომ სამინისტრო ამ შემთხვევას სწავლობს:
„ინფორმაცია გვაქვს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად.
ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური, იმ მონაცემებით, რაც გვქონდა. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.