შეიძლება ითქვას, ყველა ადამიანს გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება რაღაც კონკრეტულის მიმართ. ამ “რაღაცას” სხვადასხვა პიროვნება სხვადასხვა ასაკსა და გარემოებაში პოულობს. შემდგომ, მუდმივად მისი განვითარებისკენ დგამს ნაბიჯებს.
ქეთი კვიჭიძისთვის გამორჩეულად საინტერესო კულინარია და მასთან დაკავშირებული მოცემულობები აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 2016 წლიდან ის საკუთარი იდეის აქტიური მიმდევარია – დაიწყო “კულინარიული ექსპედიციები”.
ქართული კულინარია მისთვის გენიალურია. ხსენებული “ექსპედიციების” შესაძლებლობა კი მისთვის იმან განაპირობა, რომ მიიჩნია, მისი პოპულარიზაციისთვის სათანადოდ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ღვინის კულტურა ზენიტშია.
“ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა, ჯერ თავი მომეყარა, მერე კი მეზრუნა უძველესი ქართული და საქართველოსთან ასოცირებული კერძების პოპულარიზაციაზე. არ მქონია იმის ამბიცია, რომ ამას ჩემზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა, ბევრი ვეძიე და ვერავინ დავაინტერესე. ბოლოს გადავწყვიტე, თავად მომეკიდა ხელი.. მანამდეც არსებობდა გარკვეული მცდელობები კულინარიის შესწავლისა და ფართო მასებთან მიტანის, უპირველესად, ეს დიდმა ქართველმა მეცნიერმა, ივანე ჯავახიშვილმა მოახერხა, იყვნენ ცალკეული მკვლევრებიც, ვისი სახელებიც ახლა, ალბათ, ცოტამ თუ იცის“, – ამბობს ქეთი.
მისთვის ქართული გემოები განსაკუთრებულია. მოულოდნელობისგან გაოცებულიც არაერთხელ ყოფილა იმის გამო, რომ ქართულს უცხოურით ანაცვლებდნენ, უბრალოდ, სრულიად შეუსაბამოდ.
ქეთი საკუთარი პროექტის შესახებ ადრეული ეტაპის ამბობს, რომ მისთვის გაჩნდა შანსი, ხმამაღლა გაეჟღერებინა საკუთარი იდეა. ამ შანსმა დიდი წარმატებით ჩაიარა და საფუძველი ჩაეყარა “კულინარიულ ექსპედიციებს”. მან მთელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, საინგილოსა და ლაზეთში რამდენჯერმე იმოგზაურა.
“ძალიან ვნერვიულობდი. თან ჩემი ხასიათი, სიფიცხე არ მაძლევს მოსვენების საშულებას. კულინარიული ექსპედიცია იდეის დონეზე არსებობდა და ვეძებდი თანამზრახველს. ასეთი, მწერალი, კინოსცენარისტი და კულინარიისა და ღვინის ასევე მოყვარული – გურამ მეგრელიშვილი აღმოჩნდა, ასევე, ფოტოგრაფი – სალომე გრიგოლაშვილი, რომელმაც უნიკალური ფოტო არქივაცია მოახდინა და მეცენატი ბესო ჩიხრაძე, რომელმაც მოგზაურობა დაგვიფინანსა. კულინარიული ექსპედიცია და “ფეისბუქის” გვერდიც გავხსენით. პირველივე პოსტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მთელი ექსპედიციის ვიდეოარქივიც გავაკეთეთ. უნიკალური კადრები გვაქვს. ვმუშაობთ რეცეპტების წიგნზე, სადაც მთელი ექსპედიციის მასალა შევა, რომლის გამოცემაც ცოტა გაგვეწელა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. მაგრამ ვფიქრობ, მალე გამოვცემთ”, – ასე აფასებს ქეთი სწორედ თავისი იდეის განხორციელების ადრეულ ეტაპს და მიმდინარე გეგმებზეც საუბრობს.
ეს იყო გზა, რომლითაც მან უძველესი ქართული და საქართველოსთან ასოცირებული კერძების პოპულარიზაციაზე ზრუნვა დაიწყო. ეს გახლდათ ნაბიჯი, რომელმაც წარმატება მოუტანა და, რაც მთავარია, ხორცი შეასხა იდეას, გეგმას, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, გამოვიყენოთ ქართული, ასეც უნდა მოვიქცეთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის გემოები და რესურსი უძველესია, უნიკალური და გამორჩეული.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ